თვე იგი მეცხრე- 1992 წ. სექტემბერი

 

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი არაკონსტიტუციური არჩევნების ბოიკოტის გამო

- საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  განცხადება

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

ა.წ. 3 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ბ. ელცინსა, ე. შევარდნაძესა და ვ. არძინბას შორის, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოუტანა საქართველოს და არც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. მხარეებმა თითქოს მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ საომარი მოქმედება არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, ხუნტის ძალებს კი აფხაზეთში სულ უფრო ემატება. უეჭველია, რომ ამ შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების გაბრიყვება და შევარდნაძის და ელცინის, როგორც მშვიდობის მებაირახტრეთა პრესტიჟის ამაღლება. სინამდვილეში კი მათი ერთობლივი ძალები აგრძელებენ აფხაზეთში გენოციდს, ვანდალიზმს, არნახულ ძარცვებსა და მარადიორობას. აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობა სისხლისაგან იცლება. ირგვლივ ანარქია, ქაოსი და სრული რღვევა სუფევს. მძაფრდება ეთნიკური ურთიერთდაპირისპირება, პარტიზანული ომი. ხუნტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ მე ვარ დამნაშავე ამ კონფლიქტის გაღვივებაში და თითქოს ჩრდილოეთ კავკასიიდან ვაგზავნი მოხალისეებს აფხაზეთში. ასეთი ფაქტების შეთხზვა ჩვეულებრივი მოვლენაა ხუნტისათვის, რომელიც ავრცელებს აბსურდულ ხმებს, რომ მე თითქოსდა ეხლა ვიმყოფები ინგლისში და ვეწევი პროპაგანდისტულ კამპანიას საქართველოში დასაბრუნებლად, რათა არ დავუშვა შევარდნაძის კანდიდატურა პარლამენტის სპიკერის პოსტზე.

სინამდვილეში კი ჩემს ყველა მიმართვაში ქართველი და აფხაზი ხალხისადმი მე მოვუწოდებ მათ შეწყვიტონ ძმათამკვლელი ომი, გაჩაღებული ხუნტის მიერ და დაიწყონ მოლაპარაკება. დასავლეთის ქვეყნები სდუმან, ვინაიდან ფიქრობენ, რომ შევარდნაძეს, რომელმაც თავისი ხალხი შეარცხვინა მსოფლიოს თვალში, აქვს ყველაფრის უფლება.

გაკვირვებას იწვევს აგრეთვე გაერო-ს გენერალური მდივნის ბ. გალის პოზიციაც, რომელიც იმის ნაცვლად, რომ შევარდნაძისაგან მოეთხოვა დამსჯელი სისხლისმღვრელი ოპერაციების შეჩერება, ხოლო ელცინისაგან დანაშაულებრივი რეჟიმისადმი მხარდაჭერაზე უარის თქმა და კონფლიქტის ზონაში გაერო-ს დამკვირვებელთა გაგზავნა, ის ულოცავს არარსებულ წარმატებებს მოლაპარაკებაზე და თვალს ხუჭავს მოსკოვში საზოგადოების მოტყუების მიზნით გათამაშებულ ფარსზე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სანამ არსებობს შევარდნაძის სისხლიანი, ფაშისტური რეჟიმი, აფხაზეთში კონფლიქტი უფრო გამწვავდება და მიიღებს უმძაფრეს ფორმებს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 5 სექტემბერი

[გაზ. „აღდგომა“, №17, გვ. 1, 13 სექტემბერი, 1992 წ.].

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

ქართველი ერისადმი,

სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი

არაკონსტიტუციური არჩევნების ბოიკოტის გამო

თანამემამულენო! შევარდნაძის დანაშაულებრივი ხუნტა ანუ ეგრეთწოდებული სახელმწიფო საბჭო, რომელმაც სისხლიანი გადატრიალების შედეგად მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების უზურპირება, ფეხქვეშ გათელა ქართველი ხალხის ნება და მის მიერ ბოლო წლებში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში მიღწეული ყველა მონაპოვარი, რომელიც ფაქტიურად აწარმოებს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს და ინარჩუნებს ძალაუფლებას მხოლოდ იმპერიის საოკუპაციო ჯარის მეშვეობით, ცდილობს საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის დაკანონებას ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარების გზით.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებ:

1. ხუნტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არჩევნების ჩატარების შესახებ არა აქვს არავითარი იურიდიული ძალა. არჩევნების დანიშვნა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელსაც არ მოუხსნია უფლებამოსილება და აგრძელებს ფუნქციონირებას.

2. ხუნტის მიერ მიღებული ეგრეთწოდებული „საარჩევნო დებულება“ უპრეცედენტოა თავისი ანტიდემოკრატიულობით. გაუთავებელმა ცვლილებებმა, რომლებიც ხუნტის მიერ ფართოდ რეკლამირებული დებულების „დამცავი მექანიზმის“ საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, მხოლოდ გააძლიერეს მისი ანტიდემოკრატიული ხასიათი. დებულება მიზნად ისახავს: არ დაუშვას ხუნტის მიმართ არალოიალური, ჭეშმარიტად ეროვნულ-პოლიტიკური ძალების შესაძლო მონაწილეობა არჩევნებში, მთლიანად გამოთიშოს ისინი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, საარჩევნო კვოტის (ანუ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მინიმალური რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს) არ არსებობის გამო არ მისცეს ქართველ ხალხს საშუალება პასუხი გასცეს უმთავრეს კითხვას: მიაჩნია თუ არა მას კანონიერად და საჭიროდ არჩევნების ჩატარება, იმ პირობებში როდესაც საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად და სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი; მიაჩნია თუ არა მას აუცილებლად კანონიერი ხელისუფლების აღდგენა;

საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხრივ უკანონო არჩევნების გარდაუვალი ბოიკოტის პირობებში უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება ამომრჩეველთა უმცირესი რაოდენობით;

მოახვიოს თავს ქართველ ხალხს უმნიშვნელო უმცირესობის ნება;

დააკომპლექტოს პარლამენტი უზურპატორებითა და მათი მორჩილი მარიონეტი დეპუტატებით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხუნტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება პარლამენტის „სპიკერის“ საყოველთაო კენჭისყრით არჩევის თაობაზე. მსოფლიო საპარლამენტო პრაქტიკაში უპრეცედენტოა პარლამენტის სპიკერის საყოველთაო კენჭისყრით არჩევა. მას პარლამენტი ირჩევს თავის წევრთა რიცხვიდან. „საყოველთაოდ არჩეული სპიკერი“ პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ფუნქციებს გააერთიანებს, ესე იგი მოხდება უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პიროვნების ხელში. უდავოა, რომ საყოველთაოდ არჩეულ სპიკერს არა თუ გადაირჩევს, მინიმალურადაც კი ვერ გააკონტროლებს მარიონეტულ-ნომენკლატურული „პარლამენტი“.

ამრიგად, მრავალრიცხოვანი განცხადებები იმის თაობაზე, საქართველოსთვის უცხოა საპრეზიდენტო მმართველობის ინსტიტუტი, მხოლოდ თვალთმაქცობა იყო. ზემოხსენებული გადაწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა ცდა ერთი პიროვნების ხელში შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრისა და საქართველოში დაუფარავი დიქტატორული რეჟიმის დაკანონებისა.

ეს არის აგრეთვე აღორძინება კომუნისტური საარჩევნო პრაქტიკისა, რომლისთვის უცხო იყო კანდიდატებს შორის კონკურენცია, დაკანონებული იყო ერთიდან ერთი კანდიდატის „არჩევა“ ვითომდაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. თუმც კომუნისტური არჩევნების დროსაც კი აუცილებელი იყო საარჩევნო კვოტა (ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი), რაც შესაძლებლობას იძლეოდა სათანადო კონტროლის შემთხევევაში არჩევნების ბოიკოტისა და ჩაშლისა (ამის მაგალითია კომუნისტური არჩევნების ჩაშლა 1990 წლის მარტში). ამჟამად ამგვარი შესაძლებლობაც კი გამორიცხულია.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გამეფებულია სისხლიანი ტერორი, დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, არსებითად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მთელ რიგ ქალაქებში, როდესაც ეჭვგარეშეა, რომ მომავალი „არჩევნები“ მხოლოდ ხიშტების კონტროლს დაექვემდებარება, როდესაც „სპიკერის“ არჩევნებში მხოლოდ ერთი პიროვნება იყრის კენჭს, ცხადზე ცხადია, რომ ეს შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლება თავს მოიყრის იმპერიის ცენტრიდან მოვლენილ ქართველი ხალხის ჯალათის - შევარდნაძის ხელში, რაც საქართველოს საბოლოო დაღუპვით ემუქრება.

მოქალაქენო, მოგიწოდებთ შექმნათ უკანონო არჩევნების ბოიკოტის კომიტეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, ხუნტის მიერ წინასწარ გამოცხადებული საარჩევნო უბნებისა და ოლქების მიხედვით იმ ამომრჩეველთა აღრიცხვას, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ცრუ არჩევნებს, არ დაუშვებენ საარჩევნო კომისიებისა და უბნების შექმნას, შეადგენენ საპროტესტო წერილებსა და პეტიციებს არჩევნების ბოიკოტის შესახებ ანტიკონსტიტუციური არჩევნების აკრძალვისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით.

თანამემამულენო, მოგიწოდებთ ჩაშალოთ იმპერიის ბნელი ზრახვები, საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადოთ ხუნტის მიერ დანიშნულ ცრუ „არჩევნებს“.

არც ერთი მოქალაქე საარჩევნო უბნებთან!

მხოლოდ კანონიერი ხელისუფლებისა და კონონიერების აღდგენა იხსნის საქართველოს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 7 სექტემბერი

[გაზ. „აღდგომა“, №17, გვ. 1, 13 სექტემბერი, 1992 წ.].

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

შევარდნაძის ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული ქართველი ერის წინაშე: მან მოაწყო სისხლიანი სადამსჯელო ექსპედიცია აფხაზეთში და იმპერიის ცენტრის ინსპირაცით ცდილობს გააჩაღოს ძმათამკვლელი ომი აფხაზთა და ქართველთა შორის.

წლების მანძილზე იმპერიული ძალები შეგნებულად ძაბავდნენ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის, რათა მიეღწიათ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებისათვის. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მოძრაობა ყოველთვის ხედავდა ამგვარ საფრთხეს და ყოველნაირად ცდილობდა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით მოეგვარებინა სადავო პრობლემები. იგივე გზა აირჩია საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა მრავალგზის აიცილა თავიდან ეროვნებათაშორისი ურთიერთობის გამწვავება ამ ურთულეს რეგიონში.

მაგრამ როგორც ჩანს, იმპერიის მესვეურებს ხელს არ აძლევდათ ასეთი კურსი. საქართველოში სისხლიანი გადატრიალების შემდეგ ისინი ერთის მხრივ ხელს უწყობდნენ აფხაზეთში სეპარატისტული ტენდენციების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ უბიძგებდნენ ხუნტას ძალისმიერი მეთოდებით ემოქმედა სეპარატისტების წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა. ხელოვნურად ამწვავებდა ვითარებას. ბოლოს მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა. აღადგინა ე.წ. 1925 წლის კონსტიტუცია, რითაც ფაქტობრივად აფხაზეთი საქართველოდან გამოყოფილად გამოაცხადა, ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება ამ აქტის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ და მივუთითე აფხაზეთის პარლამენტს თავისი მოქმედების უკანონობაზე, ვინაიდან ამგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო ქვორუმის ანუ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე, არ ჰქონდა არავითარი იურიდიული საფუძველი. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ვერ მოუტანს რეალურ ზიანს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მაგრამ როგორ სჩანს, იმპერიულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა საქართველოში. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ლიბანიზაცია და დანაწევრება შესაძლოა მხოლოდ სისხლიანი კონფლიქტების გზით. 1990 წლიდან მათ მიაღწიეს ამგვარი კონფლიქტის გაჩაღებას სამაჩაბლოში, რითაც დღეს საბოლოოდ ჩამოაშორეს საქართველოს ეს კუთხე. ამჟამად ჯი შევარდნაძის მეცადინეობით ამგვარი კონფლიქტის ახალი კერა შექმნეს აფხაზეთში, რათა აფხაზეთიც საბოლოოდ დააკარგვინონ საქართველოს. ამით მოხდა აგრეთვე უდიდესი დისკრედიტაცია ქართველი ერისა, საქართველოსი, ვინაიდან ის ქვეყნები, სადაც მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების გენოციდი, სადაც მათ პრობლემებს სამხედრო ძალით წყვეტენ, დაგმობილნი არიან საზოგადოებრივი აზრის მიერ.

სტალინ-ბერიას საქმის ერთგული განმგრძობი შევარდნაძე თავის სისხლიან აქციას იმით ამართლებს, ვითომდაც იგი აღშფოთებულია აფხაზეთის სუვერენიტეტის გამოცხადებით. საკითხავია, რატომ არ აღაშფოთა იგი ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის შექმნამ, რატომ შეეგუა იგი ასე იოლად მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არ გაგზავნა იქ ჯარები სამართლიანობის აღსადგენად? რად შეეგუა იგი სამაჩაბლოს დაკარგვას, სადაც ყოველდღე კვლავ ხოცავენ ქართველებს, სადაც ქართულ სოფლებს ოსი ექსტრემისტები ყოველდღე იკავებენ „მშვიდობისმოყვარე ძალების“ დახმარებით და არც ერთ ქართველ ლტოლვილს არ ადგმევინებენ ფეხს მშობლიურ მიწაზე? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იმპერიის მსახური ხუნტა ნაბიჯს ვერ დგამს მეტროპოლიასთან შეუთანხმებლად. თუ დღეს მას მისცეს ნება აფხაზეთში შეჭრისა და იქაური მოსახლეობის გენოციდისა, ეს ყოველივე უაღრესად შორსმიმავალ მიზნებს ისახავს. ამით სურთ გაღვივება ეთნიური სიძულვილისა და მტრობისა აფხაზთა და ქართველთა შორის, რათა იქაც გაჩაღდეს ისეთივე სამოქალაქო ომი, როგორც სამაჩაბლოში, რათა შემდეგ „მშვიდობისმყოფელი ძალების“ დახმარებით ეს კუთხეც ჩამოაცილონ საქართველოს. აი, ნამდვილი მიზანი აფხაზეთის სადამსჯელო კამპანიისა, რასაც უთუოდ ითვალისწინებდა დაგომისის გარიგება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხუნტის ჯარების შეჭრა აფხაზეთში პატრიოტული გრძნობებით კი არ არის გამოწვეული, არამედ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურების წყურვილით, ე.წ. სახელმწიფო საბჭოს სურს აფხაზეთშიც დაამყაროს ტოტალიტარული დიქტატურა, ვინაიდან იქაური ხელისუფლება არ მიმართავდა რეპრესიებს და ტერორს კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგ. სოხუმში გამოდიოდა ერთადერთი ოპოზიციური გაზეთი. მთელს საქართველოში თავისუფლად მოქმედებდნენ ხუნტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ორგანიზაციები. ცხადია, ეს არ აწყობდა არც რუსეთის იმპერიას, რომელიც უფრო და უფრო ტოტალიტარული ხდება. თუმცა არ იშორებს დემოკრატიის ნიღაბს.

შევარდნაძის ხუნტის სადამსჯელო ოპერაციებში რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ერთობლივი ოპერაციაა და ყოველივე შეთანხმებულია მეტროპოლიასთან. ამრიგად, აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსგან აწყობს უწინარეს ყოვლისა რუსეთის იმპერიას, რასაც იგი თავისი ერთგული მსახურის, შევარდნაძის ხელით ახორციელებს.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება შეიძლება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებით, და არა იარაღის ჟღარუნით.

მე მოვუწოდებ ქართველ და აფხაზ ხალხებს არ დაუშვან ძმათამკვლელი ომი, აღადგინონ თავისი საუკუნოვანი ძმობა და ერთობა, გამოუცხადონ ხუნტას საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა, დაგმონ და ამხილონ ხუნტის კანიბალური პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ეროვნული და პოლიტიკური კატასტროფისაკენ მიჰყავს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ეროვნულ თანხმობას კავკასიაში და მთელს მსოფლიოში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „აღდგომა“, №18, გვ. 1, 21 სექტემბერი, 1992 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

 განცხადება

ამა წლის 3 სექტემბერს გროზნოში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა კავკასიის ხალხთა მრგვალი მაგიდისა, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიას საერთო კავკასიური სახლის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. კავკასიური სახლი გულისხმობს ხალხთა და სახელმწიფოთა ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ხუნტისა და რუსეთის იმპერიის საინფორმაციო საშუალებებმა დაამახინჯეს და გააყალბეს არსი ამ შეხვედრისა. ხუნტამ გააყალბა საქართველოს დელეგაციის პოზიცია და როგორც სჩვევია, ცილი დასწამა მას, ვინაიდან აქ მოიწვიეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და უარი უთხრეს ხუნტას. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრებში აუცილებელი იყო, რათა დაგვეცვა საქართველოს ინტერესები. ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრაზე თავიდან ბოლომდე პრინციპული და თანმიმდევრული იყო. კერძოდ, მე გავნაცხადე, რომ არ შეიძლება საუბარი მხოლოდ კავკასიის სახელმწიფოთა კავშირზე, ვინაიდან მრგვალ მაგიდაზე მეტწილად წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ხალხები, რომელთაც ჩვენ ცალკე სახელმწიფოებად ვერ ვაღიარებთ. ჩვენი თვალსაზრისით აქ იყო წარმოდგენილი მხოლოდ სამი სახელმწიფო: საქართველო, ჩეჩნეთი და აზერბაიჯანი. დანარჩენნი კი ამ კავშირში უნდა შემოვიდნენ როგორც ხალხები და არა როგორც სახელმწიფოები. ეს იყო არსი ჩვენი პოზიციისა.

საქართველოს დელეგაციის ასეთმა პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ მრგვალ მაგიდაზე არ განხილულა არც აფხაზეთისა და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი და არც იქნება განხილული. აქ მხოლოდ დაიგმო ხუნტის სამხედრო ავანტიურა აფხაზეთში, მრგვალმა მაგიდამ მოითხოვა ამ ომის შეწყვეტა და მშვიდობის აღდგენა. სხვა დელეგაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფოებად არ შეიძლება ჩაითვალონ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ქვეყნები, რომელთაც მარიონეტული, კომუნისტური მთავრობები მართავენ. საქართველოს პოზიცია სავსებით გაიზიარა ჩეჩნეთის დელეგაციამ.

სიმპტომატურია, რომ ხუნტის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჩემი განცხადება არ ჩაიწერეს და არ გადასცეს, ვინაიდან მიზნად ისახავდნენ ჩემი პოზიციის გაყალბებას და ხალხის მოტყუებას. ამას წინათ ხუნტამ შეთითხნა ვითომდაც ჩემი მიმართვა კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაციისადმი, სადაც მე თითქოს საქართველოს მცირე იმპერია ვუწოდე და გამოვხატე სინანული, რომ ვიბრძოდი მისი ერთიანობისათვის, რასაც მე საკადრისი პასუხი გავეცი „იბერია-სპექტრში“. ასევე აყალბებს იგი დღეს მრგვალ მაგიდაში ჩემს მონაწილეობას. ხუნტის მთავარი ბრალდება ის არის, რომ მე თურმე მუსულმანების გვერდით ვიჯექი. საინტერესოა, რამდენ შეხვედრას თუ კონფერენციას დასწრებია შევარდნაძე, სადაც იყვნენ მუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლები. საოცარია, რომ ხუნტა, რომელიც დღემდე მაბრალებდა ეროვნული და რელიგიური განსაკუთრებულობის ქადაგებას, რასაც ისინი თავიანთ ენაზე „ფაშიზმს“ უწოდებენ, დღეს თავად გამოდის უკიდურესად ნაციონალისტური და ვითომდაც ქრისტიანული პოზიციებიდან და მაკრიტიკებს ინტერნაციონალიზმისათვის და რელიგიური შემწყნარებლობისათვის. ნუთუ მუსულმანი აჭარლები და თურქეთში მცხოვრები ქართველებიც უნდა მოვკვეთოთ, რახან ისინი ამ რელიგიას მისდევენ?

სასაცილოა აგრეთვე ხუნტის ბრალდება, თითქოს ჩემი მხარდაჭერით მოხდა მთის ხალხთა კონფედერაციის ჯარების შეყვანა აფხაზეთში, რაც სრულიად აბსურდია, ვინაიდან მე არავითარი ურთიერთობა არა მაქვს ამ კონფედერაციასთან და მათი დამოკიდებულება ჩემდამი შესანიშნავად არის გამოხატული კონფედერაციის პრეზიდენტის ი. შანიბოვის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა - რომ კონფედერაცია არ ენდობა გამსახურდიას, იგი უფრო მეტად ენდობაო სიგუას, კიტოვანსა და სხვებს, რაც გამოქვეყნდა „ნეზავისიმაია გაზეტაში“ და „იბერია სპექტრში“. გარდა ამისა, საინტერესოა, ვინღა შეიყვანა აფხაზეთში კაზაკები და დნესტრისპირელები? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს ეწევა, იგი ორივე მხარეს ეხმარება, რათა საბოლოოდ თავად დაეპატრონოს აფხაზეთს.

საერთოდ, მთის ხალხთა კონფედერაცია სულ სხვა ორგანიზაციაა და არავითარი საერთო არა აქვს მრგვალ მაგიდასთან. მთის ხალხთა კონფედერაციის წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის ამ შეხვედრაზე არ აქტიურობდნენ, მათ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, ხოლო კონფედერაციის პრეზიდენტი შანიბოვი ამ შეხვედრას არ დასწრებია. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს ახალი გაერთიანება კავკასიის ხალხებისა უპირისპირდება და ართმევს ინიციატივას მომავალი ბედის წარმართვაში. ასე რომ, აღმაშფოთებელია ხუნტის დემაგოგია, რომელიც მწამებს მთის ხალხთა კონფედერაციასთან კავშირს და აცხადებს, თითქოს ჩემი დასწრება მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე საზიანო იყო საქართველოსათვის. ამას აცხადებს ხუნტა, რომელმაც სამაჩაბლო უმტკივნეულოდ ჩააბარა რუსეთსა და ოსეთს და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შეჩერებით ხელი შეუწყო ყოველივე იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში.

საქართველოს გამოთიშვა საერთო კავკასიური პროცესებიდან დღეს უაღრესად სახიფათოა, თუმცა მე ვთვლი, რომ პროცესებში ჩვენი მონაწილეობის უპირველესი პირობაა საქართველოს ერთიანობის და სუვერენულობის გარანტია.

გარდა ამის, მე ვთვლი, რომ საქართველო ამ კავშირში თუ კონფედერაციაში შეიძლება საბოლოოდ შევიდეს მხოლოდ კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. შესვლაზე უარის თქმა კი შეიძლება მოხდეს რეფერენდუმით. ამასთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოს, ჩეჩნეთსა და აზერბაიჯანს მრგვალ მაგიდაში უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება.

მე მოვუწოდებ ქართველ ერს, ნუ ენდობა ხუნტის დემაგოგიას და სიცრუეს, რომელსაც იგი ავრცელებს ჩემს შესახებ. მოვუწოდებ, აგრეთვე, იბრძოლოს ხუნტის დასამხობად და კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. სხვაგვარი ხსნა საქართველოსი არ არსებობს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

21 სექტემბერი, 1992 წ.

შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა

[გაზ. „აღდგომა“, №19, გვ. 1, 26 სექტემბერი, 1992 წ.].