თვე იგი მერვე - 1992 წ. აგვისტო

 

- მიმართვა ჰელსინკში ევროპული უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებს

- მიმართვა ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით

- მიმართვა სვანეთის მოსახლეობისადმი

- განცხადება

- განცხადება

- მიმართვა ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

- მიმართვა გუდაუთა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ ვლადისლავ არძინბას

- მიმართვა ქართველ მთიელთადმი

- მოსკოვი, ოსტანკინო, რუსეთის ტელევიზიას

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

ჰელსინკში ევროპული უშიშროების და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებს

რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის სნგ-ს წევრი ქვეყანა, ამ გაერთიანების ჯარები, რომლებიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ახორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ კოლაბორაციონისტი შევარდნაძის დროებითი მთავრობის ძალებთან ერთად, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში სისხლიანი პუტჩისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად, ყოფილი საბჭოთა ჯარების მხარდაჭერით. დაწყებული 6 ივლისიდან, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხუთი შვეულმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქ. წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ე.წ. სახელმწიფო საბჭოს დამსჯელი ძალებისგან, რომელიც ეწევა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირეს.

ერთდროულად რუსეთის ჯარები - ვითომდა სამშვიდობო ძალები, ჩრდილოეთ ოსეთის ძალებთან ერთად შეჰყავთ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამსჯელი ოპერაციების ჩასატარებლად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელთა ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო გაუარესდა დაგომისში ელცინისა და შევარდნაძის გარიგების შემდეგ.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო გარდაიქმნება მეორე ავღანეთად. ეს არის გენოციდი, რომელიც მიმდინარეობს წამყვან სახელმწიფოთა ჩუმი თანხმობით.

რუსეთის ჯარის აგრესიული ქმედებანი შენიღბულია რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების, სამშვიდობო მოღვაწეობის აუცილებლობის შესახებ.

მოგიწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობის, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნებს დაგმოთ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებანი საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე შევარდნაძის რეჟიმის კოლაბორაციონიზმი და მოითხოვოთ საქართველოს ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარის გაყვანა, რომელიც წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის წყაროს, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ხელს უშლის რესპუბლიკაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[გაზ. „ქართული აზრი“, №27, გვ. 1, 6 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი

რუსეთის იმპერიის ემისარმა და ნეოკომუნისტური ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ გამოაცხადა მოჩვენებითი პოლიტიკური ამნისტია და გამოსცა ე.წ. დიდი შერიგების მანიფესტი. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის მისი მორიგი პროპაგანდისტული მანევრი, ხუნტის შელახული პოლიტიკური რეპუტაციის გადასარჩენად და მისი ნამდვილი ზრახვების შესანიღბად მსოფლიო საზოგადოების თვალში.

მას შემდეგ, რაც ხუნტამ გააძლიერა ტერორი და რეპრესიები, მსოფლიოში გაიზარდა მამხილებელი მოძრაობა, რის შედეგადაც ხუნტა სერიოზულად არის შეშფოთებული.

პატიმრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ემნესტი ინტერნეიშენელმა“ დაიწყო შესწავლა ქართული პოლიტპატიმრების მდგომარეობისა, თუმც ხუნტის საერთაშორისო მეურვენი და მფარველები დიდხანს ამუხრუჭებდნენ ამ პროცესს. ამავე მეურვეებმა მიაღწიეს შევარდნაძის მიწვევას ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირზე, რამაც ფინეთის საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია. ამ თათბირზე შევარდნაძის გამგზავრება კრახით დამთავრდა, ვინაიდან პრესის რეაქცია ძალზე ნეგატიური იყო. შევარდნაძე ემალებოდა ჟურნალისტებს, არ პასუხობდა არავითარ შეკითხვებზე. ჰელსინკში გაიმართა მისი და ხუნტის მამხილებელი დემონსტრაცია.

დღეს მოსკოვურ და დასავლეთის პრესაშიც გახშირდა შევარდნაძის ხუნტის მხილება. მოსკოვის დისიდენტური მოძრაობა უკვე სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს მოვლენებით. ევროპის საბჭო ჯერ-ჯერობით უარს ეუბნება საქართველოს გაწევრიანებაზე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო. გაეროში მიღება კი ხუნტას ავალდებულებს დაიცვას ეს პრინციპები.

აი, ამ გარემოებებმა აიძულეს შევარდნაძე შეეცვალა ტაქტიკა, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს ნიშნავს იმას, რომ ტერორის ერთ ფორმას შეცვლის მეორე. რამდენადაც პოლიტპატიმრების არსებობა წამგებიანია დიქტატორული რეჟიმისათვის, მათი რეპრესიული აპარატი ხშირად განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს: საიდუმლო მკვლელობებს, ცემა-წამებას, დასახიჩრებას და ა.შ. ეს ახასიათებს, მაგალითად ჰაიტის დიქტატორულ რეჟიმს. ბოლო ხანებში ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხუნტა სწორედ ჰაიტის რეჟიმის გზას ირჩევს: განთავისუფლდა ზოგი პოლიტპატიმარი (თუმც არა ყველა), მაგრამ მათი უმრავლესობა არაადამიანური ცემისა და წამების შედეგად, ალბათ სამუდამო ხეიბრად დარჩება. გრძელდება ხალხის ტერორიზება, ადამიანთა გატაცებები და მკვლელობები. ასე რომ, რამდენიმე პოლიტპატიმრის განთავისუფლება ჯერ კიდევ არ მოასწავებს დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა გარანტირებას. ხუნტამ კიდევაც რომ შეაჩეროს დაპატიმრებები, იგი ტერორს მაინც არ შეწყვეტს, ვინაიდან ტერორის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ჩვენი მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე არც ერთ პოლიტპატიმარზე არ არის შეწყვეტილი, ისინი განთავისუფლებულნი არიან თავდებით, გაუსვლელობის ხელწერილით, რაც ამ ღონისძიებების დროებითობაზე მეტყველებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე არის წინასაარჩევნო ხრიკი, საზოგადოების ყურადღების მოსადუნებლად, ხოლო შემდგომში ამ პირებს ისევ შეაბრუნებენ ციხეში, თუ დასცალდათ არჩევნების ჩატარება, რაც არასგზით არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ. აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ძირითადი ნაწილი კვლავ ციხეშია. ასე რომ, ხუნტამ ამჯერადაც, როგორც წესი, იცრუა.

რაც შეეხება ე.წ. დიდი შერიგების მანიფესტს, ესეც აშკარა წყლის ამღვრევაა. ამით ხუნტა ხაზს უსვამს ვითომდაც ჩვენს შეურიგებელ პოზიციას და თავის შემრიგებლობას, რაც სიცრუეა. ჯერ კიდევ პირველი პუტჩის დამარცხების შემდეგ, 1991 წლის ოქტომბერში მრავალგზის გამოვაცხადე შერიგება და ბრძანებულებაც გამოვეცი, რომ ყველა ის, ვინც ხელს აიღებდა ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლაზე, განთავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ პუტჩისტებმა არ იღეს ყურად ჩემი მოწოდება.

სულ ახლახანს, ა.წ. 17 ივლისს გამოვეცი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც წარსულში ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება შეიარაღებულ ფორმირებათა ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც დადგება კანონიერი ხელისუფლების მხარეზე და საქმით დაუმტკიცებს მას ერთგულებას. რამდენადაც ხუნტა, ჩვენი თვალსაზრისით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ნაწილია, მე ისინი ცალკე არ გამომიყვია. ეს ბრძანებულება გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაშიც“ კი, რა იყო ეს, თუ არა შერიგებისაკენ მოწოდება? შერიგებისაკენ, რომელიც ხუნტამ უარყო და ხსენებული ბრძანებულება ჩემთვის ახალი ბრალდების შეთითხვნის საბაბადაც კი გამოიყენა?

გარდა ამისა, რომელ ამნისტიასა და შერიგებას აცხადებს ხუნტა, რომელსაც თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული თბილისში და მთელს საქართველოში მოთარეშე სხვადასხვა ჯურის ბანდები, რომელნიც ვითომდაც არ ემორჩილებიან მას და რომელთაც თვითნებურად შეუძლიათ უკანონოდ დააპატიმრონ, დახვრიტონ, დაჭრან ან გაძარცვონ ნებისმიერი მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი, გაძარცვონ და დაარბიონ ნებისმიერი დაწესებულება თუ სატრანსპორტო საშუალება. გადაწვან ქალაქი, თუ სოფელი, რისი გამკითხავიც არავინ არის? სად არის ამ ფორმირებათა მანიფესტი ან განცხადება მათი მომავალი ზრახვებისა და გეგმების შესახებ? როგორია მათი პოზიცია ყოველივე ამასთან დაკავშირებით? როგორია ხუნტის პოზიცია მათ მოქმედებასთან დაკავშირებით? ეს კითხვები დღეს პასუხის გარეშე რჩება. ასე რომ, ხუნტის დემაგოგია დღეს ყველასთვის თვალსაჩინოა და ამგვარი ილეთებით ისინი ვეღარავის მოატყუებენ.

კონსტიტუციისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა არის ერთადერთი რეალური გარანტი სამოქალაქო მშვიდობის აღდგენისა და ეროვნული შერიგებისა.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

1992 წლის 5 აგვისტო

[გაზ. „აღდგომა“, №15, გვ. 1, 14 აგვისტო, 1992 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით

უკანასკნელ ხანებში თბილისის ნეოკომუნისტურმა ხუნტამ შექმნა დიდი აჟიოტაჟი საქართველოს გაეროში მიღებასთან დაკავშირებით. ხუნტის საპროპაგანდო საშუალებები ისე სახავენ საქმეს, რომ თითქოს საქართველოს გაეროში მიღება, მისი ცნობა-აღიარება სხვადასხვა ქვეყნების მიერ შევარდნაძის უშუალო პირადი დამსახურებაა და, რომ კანონიერ ხელისუფლებას საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში ჰყავდა მოქცეული, რომლისგანაც იგი თურმე შევარდნაძემ და მისმა რეჟიმმა გამოიხსნა.

დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავტომატურად მოხდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ცნობა და გაეროში მიღება, 22 ქვეყანამ და მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველო ცნო ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალებამდე. ე.ი. კანონიერი ხელისუფლების არსებობის დროს, მანამდე კი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას და ბლოკადას გეგმაზომიერად ახორციელებდა მოსკოვი იმავე შევარდნაძის მეშვეობით.

რაც შეეხება გაეროში მიღების დაგვიანებას, ამასაც ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი, რომელიც არის წევრი უშიშროების საბჭოსი და სარგებლობს ვეტოს უფლებით, წინააღმდეგი იყო საქართველოს გაეროში მიღებისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოუგვარებლობის გამო. რუსეთის თვალსაზრისით საქართველოს უნდა დაეთმოს ეს ტერიტორია, დათანხმებულიყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსზე და რუსეთთან შეერთებაზე. დაგომისის შეხვედრამდე ეს საკითხი ღიად იყო დატოვებული, ამიტომ რუსეთი წინააღმდეგი იყო საქართველოს მიღებისა გაეროში.

დაგომისის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან საქართველოს უკანონო რეჟიმი, რომელიც უწინ რუსეთის პირდაპირ აგრესიაზე საუბრობდა სამაჩაბლოში, უეცრად დათანხმდა იგივე აგრესორის ჯარების შემოყვანაზე ოს ექსტრემისტთა ფორმირებებთან ერთად, რასაც ხელშეკრულებაში „მშვიდობისმყოფელი ძალების“ შემოყვანა დაერქვა. ამან განაპირობა შიდა ქართლის ფაქტობრივი ჩამოცილება საქართველოდან, თუმცა ოფიციალურ ხელშეკრულებაში არსად არ ვხვდებით ამგვარ ფორმულირებას, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ დაგომისის ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო პუნქტები, რომელნიც შიდა ქართლს ოსეთისა და რუსეთის ნაწილად აღიარებენ. ამ მიზეზით გადასინჯა რუსეთმა თავისი პოზიცია და მოხსნა ვეტო საქართველოს გაეროში მიღებას.

მეორე დაბრკოლება საქართველოს გაეროში მიღებისა, ეს იყო აფხაზეთის პრობლემა. რუსეთის თვალსაზრისით, აფხაზეთი უნდა ჩამოშორდეს საქართველოს და მოხდეს მისი სუვერენიტეტის აღიარება. 23 ივლისს ეს ყოველივე განახორციელა აფხაზეთის პარლამენტმა, ანტიკონსტიტუციური აქტების მიღებით. აფხაზეთის საკითხიც, როგორც ჩანს დაგომისის ხელშეკრულების ერთ-ერთი საიდუმლო პუნქტია, ამასთან აშკარაა, რომ მხარეების შეთანხმებით საქართველო ჯერჯერობით მხოლოდ დე ფაქტო სცნობს თავისი ამ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დათმობას და არა იურიდიულად, მით უმეტეს, რომ საქართველოში ჯერჯერობით უკანონო ხელისუფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის გაუქმება, რომელიც უთუოდ რუსეთის დავალებით განახორციელა ხუნტამ, ყოველივე ზემოთქმულის პრელუდია იყო.

როგორც ვხედავთ, შევარდნაძემ საოცრად მცირე ვადაში, სულ რაღაც ოთხ თვეში მიაღწია საქართველოს დაშლას, რითაც განახორციელა იმპერიის გეგმა. ასე რომ, რესპუბლიკის მოედანზე უნდა გამართულიყო არა ზეიმი, არამედ სამგლოვიარო მიტინგი, ვინაიდან არ შეიძლება ჭკუათამყოფელი ადამიანები ზეიმობდნენ გაეროში შესვლას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების დაკარგვის ფასად.

რაც შეეხება თავად გაეროს, მან ვერ გამოავლინა ერთგულება თავისი პრინციპებისადმი, ვინაიდან მხარი დაუჭირა აგრესორ ქვეყანას, რუსეთს და მხოლოდ მისი პირობების შესრულების შემდეგ მიიღო წევრად საქართველო, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა და დახმარებოდა მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. ამით მან კიდევ ერთხელ დაარღვია საკუთარი წესები, უგულვებელყო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები. ამასთან, არ არის არავითარი ნიშნები იმისა, რომ გაერო თბილისის ხუნტას მოსთხოვს ქვეყნის შიგნით ძალადობისა და ტერორის შეწყვეტას, ვინაიდან მას კრინტიც არ დაუძრავს იმ ნახევარწლიან ტერორზე და გენოციდზე, რომელიც ხუნტამ თავს დაატეხა ქართველ ხალხს. გაერო ხედავს, რომ ამ გენოციდის და ტერორის უკან ისევ რუსეთი დგას, ამიტომ იგი ისევე ინდიფერენტული და ურეაქციო იქნება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც კამპუჩიის, ავღანეთის, იუგოსლავიის, ან თუნდაც დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის საკითხში. გაერო ყოველთვის მხარს უჭერდა ძლიერ ქვეყნებს, ე.წ. ზესახელმწიფოებს და თვალს ხუჭავდა მათ იმპერიალისტურ და აგრესიულ პოლიტიკაზე, მას არასოდეს დაუცავს მსოფლიო იმპერიალიზმის მიერ ჩაგრული მცირე ერები. უფრო მეტიც, რუსეთის ჯარები დღეს გაეროს ეგიდით აგრძელებენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას და აგრესიას, როგორც მაგალითად, იუგოსლავიასა და ყარაბაღში. ასე რომ, არც საქართველო ელოდეს გაეროსაგან ხსნას. ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენი საკუთარი ერის ძალისხმევაშია და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაში.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

7 აგვისტო, 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №15, გვ. 1, 14 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

სვანეთის მოსახლეობისადმი

ძვირფასო თანამემამულენო! ძმანო და დანო!

ჩემი ყოველი მიმართვა საქართველოს ცალკეული კუთხეების მოსახლეობისადმი გამოწვეულია იმით, რომ დღევანდელი საქართველოს უკანონო ხელისუფლება, შევარდნაძის ნეოკომუნისტური, კრიმინალური ხუნტა ყოველნაირად ცდილობს ზოგადქართული ერთიანობის დარღვევას, კუთხეებს შორის შუღლის დათესვას და საბოლოო ჯამში სეპარატიზმის გაღვივებას, რაც იმპერიული სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანთვისებაა.

როგორც ხედავთ, მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ ჩვენი საერთო ძალისხმევა და ურთიერთგაგება საწინდარი იქნება მათი საბოლოო დამარცხებისა.

ამჟამად ხუნტის პროვოკატორები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს მე სვანეთის მოსახლეობის მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი და საბუთად მოაქვთ არარსებული „ციტატები“ მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნებიდან, რომელნიც, ვითომდაც, შეურაცხყოფენ სვანებს.

დავიწყებ იმით, რომ სვანეთი მუდან მიმაჩნდა საქართველოს ძლიერების ბურჯად, მის უმშვენიერეს კუთხედ, ყოველნაირად ხელს ვუწყობდი და ვეხმარებოდი ამ კუთხეს და აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად ბარად ჩამოსახლებულ სვანებს, რისთვისაც ოპოზიცია გამუდმებით მებრძოდა და მაბრალებდა სვანების პრივილეგირებას, „სვანიზაციას“. თავის გაზეთებში ხატავდა შეიარაღებული სვანების კარიკატურებს, ყოველნაირად შეურაცხყოფდა და აბუჩად იგდებდა სვანებს. და აი, ასეთი ხალხი დღეს თავის თავს სვანების მეგობრად სახავს და ცდილობს მე დამიპირისპიროს ისინი. კონსტანტინე გამსახურდიას „ანტისვანობის“ შესახებ ჭორიც ცრუ სვანისა და ცრუ მწერლის, ქურდბაცაცა ჯაბა იოსელიანისა და მისი ბანდის გავრცელებულია. იგი გათვალისწინებულია იმ ადამიანებზე, ვინც საერთოდ არ იცნობენ მამაჩემის შემოქმედებას. სინამდვილეში კონსტანტინე გამსახურდიამ პირველმა ქართულ მწერლობაში უმღერა სვანეთს, მის დიდებულ ბუნებას, ყველა მკითხველი დამემოწმება ამაში, ქორა მახვში, სვანური ადათებისათვის და სვანეთის თვითმყოფადობისათვის თავდადებული მოხუცი, ლეგენდარული მონადირე და ვაჟკაცი თემურ ლაფარიანი ქართულ ლიტერატურაში პირველი სვანი პერსონაჟები არიან. ეს არ იციან ხუნტის უმეცრებმა და უწიგნურებმა.

რომან „დავით აღმაშენებელში“ დახატულია ასეთივე დაუვიწყარი სახე სვანი ვაჟკაცისა, დავით აღმაშენებლის ჩუხჩარხის, ქარიმან სეტიელისა. თავად კონსტანტინე გამსახურდია ხანგრძლივად იმალებოდა სვანეთში 30-იან წლებში. როდესაც მას კომუნისტები სდევნიდნენ, მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ეგნატე გაბლიანი და „თავისუფალი სვანი“ ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც უშგულის ლამარიას ეკლესიასთან არის დაკრძალული, ბესარიონის ვაჟი, რაფიელ ნიჟარაძე, ლეგენდარული პოლიტპატიმარი, გერმანიაში სწავლობდა მასთან ერთად და ისიც ჩვენი ოჯახის უახლოესი კაცი იყო. ყოველივე ამან განაპირობა მწერლის დიდი სიყვარული სვანეთისადმი, რომელიც მან შთამინერგა მე.

სვანეთის თემაზე წერდა ასევე გამოჩენილი ქართველი მწერალი შალვა დადიანი. პიესა „თეთნულდში“ მან ასახა სვანეთი, როგორც ის ძალა, რომელიც დიდ როლს თამაშობს საქართველოს განთავისუფლებაში. ასე რომ, როგორც ხედავთ, პირველ რიგში, სამეგრელოდან გამოსული მწერლები უმღეროდნენ სვანეთს, რაც ამ კუთხეების ტრადიციულ ერთობაზე და სიახლოეზე მეტყველებს. ამის გამო სურთ დღეს რუსეთის იმპერიის აგენტებს, საქართველოს მოსისხლე მტრებს, ამ ერთობის დარღვევა, მეგრელთა და სვანთა დაპირისპირება და გადაკიდება, როგორც ვითომდაც „სხვადასხვა ხალხებისა“. ამასვე უწყობს ხელს „ლემის“ მოღალატური ნაწილი, რომელც დღეს დაუკავშირდა ხუნტას და ქადაგებს ცრუ არჩევნებს.

ხუნტის პირსისხლიანი ჯალათი იოსელიანი ქართველი ხალხის მიერ „ჯაბალედინად“ წოდებული, ყოველნაირად ცდილობს ჩაითრიოს სვანეთის მოსახლეობა თავის „მხედრიონში“, რომელიც იმთავითვე კრემლის დამსჯელი ბანდა იყო და რომელიც დღეს გეგმაზომიერად ახორციელებს ქართველი ხალხის გენოციდს რუსის ჯარის დახმარებით. ნუ დაიდებთ წილს საკუთარი ერის ღალატში. ნუ გაწევრიანდებით ამ ბანდაში, რათა შთამომავლობამ არ შეაჩვენოს თქვენი სახელი. გახსოვდეთ იმპერიის შავ ძალებთან მებრძოლი გმირის, მურზაყან დადეშქელიანის სახე, განა მურზაყანს ასე განადიდებდა შთამომავლობა, იგი გუბერნატორ გაგარინის „სტრაჟნიკებში“ რომ ჩაწერილიყო და საკუთარი ერის ძარცვა-რბევით ერჩინა თავი? ნუ დაკარგავთ სვანურ რაინდობას, ღვთისმორწმუნეობას. გახსოვდეთ, რომ ყველა, ვინც ამ სატანურ ხროვას შეუერთდება, შეჩვენებული იქნება ღვთისა და ერის მიერ. ჯგრაგის და კვირიკეს წმინდა ძალა არ გაახარებს საქართველოს მტრებს.

როგორც ხედავთ, ხუნტამ საქართველო ეროვნულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე და დაშლამდე მიიყვანა. შევარდნაძის მოღალატური პოლიტიკის წყალობით საქართველომ დაკარგა შიდა ქართლი და აფხაზეთი. ამჯერად ჯერი სხვა კუთხეებზეა, რაც არასგზით არ უნდა დავუშვათ. მთელი საქართველო უნდა აღდგეს მოღალატეთა წინააღმდეგ! ეს არის წმიდათაწმინდა მოვალეობა ყველა ქართველისა!

ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად!

გვფარავდეს ღმერთი ჩვენს სამართლიან თავგანწირულ ბრძოლაში.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

9 აგვისტო, 1992 წელი

[გაზ. „აღდგომა“, №15, გვ. 1, 14 აგვისტო. 1992 წ.].

 

განცხადება

დასავლეთ საქართველოში შევარდნაძის რეჟიმი აგრძელებს სისხლიან ტერორს და გენოციდს. გადამწვარია სოფლები და ქალაქები.

მოკლული და გაძარცულია ასობით ადამიანი. არ წყდება ლტოლვილთა ნაკადი.

თავდაცვის მიზნით მოსახლეობა მიმართავს უკიდურეს ზომებს. გამოჩნდნენ შურისმაძიებელთა ჯგუფები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მძევლებად აიყვანეს ე.წ. სახელმწიფო საბჭოს წევრები, ხალხისათვის საძულველი დამსჯელები: თვითმარქვია შსს-ს მინისტრი და სხვა.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ყოველივე ეს ხდება ჩემგან დამოუკიდებლად. არავითარი მითითებები ჩემის მხრიდან ამ პირებს არ მიუღიათ.

მე ვაცხადებ პროტესტს იმ ცილისწმების წინააღმდეგ, რომელიც გაავრცელა ჩემს მიმართ ტელეკომპანია „ოსტანკინო“-მ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა, რომლებიც ჩემს სახელს უკავშირებენ ამ მოვლენებს.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

12 აგვისტო. 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №28, გვ. 1, 28 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

განცხადება

საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა, გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში. შსს თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად ჯალათ კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგს.

მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისაგან დაიცვას მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, მტკიცედ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვააშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

14 აგვისტო, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №28, გვ. 1, 28 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველი და აფხაზი ხალხებისადმი

შევარდნაძის ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ჩაიდინა დანაშაული ქართველი ერის წინაშე; მან მოაწყო სისხლიანი სადამსჯელო ექსპედიცია აფხაზეთში და იმპერიის ცენტრის ინსპირაციით ცდილობს გააჩაღოს ძმათამკვლელი ომი აფხაზთა და ქართველთა შორის.

წლების მანძილზე იმპერიული ძალები შეგნებულად ძაბავდნენ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის, რათა მიეღწიათ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებისათვის. მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მოძრაობა ყოველთვის ხედავდა ამგვარ საფრთხეს და ყოველნაირად ცდილობდა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით მოეგვარებინა სადავო პრობლემები. იგივე გზა აირჩია საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა მრავალგზის აიცილა თავიდან ეროვნებათშორისი ურთიერთობის გამწვავება ამ ურთულეს რეგიონში.

მაგრამ როგორც ჩანს იმპერიის მესვეურებს ხელს არ აძლევდათ ასეთი კურსი, საქართველოში სისხლიანი გადატრიალების შემდეგ ისინი ერთის მხრივ ხელს უწყობდნენ აფხაზეთში სეპარატისტული ტენდენციების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, უბიძგებდნენ ხუნტას ძალისმიერი მეთოდებით ემოქმედა სეპარატისტების წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა, ხელოვნურად ამწვავებდა ვითარებას. ბოლოს მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა, აღადგინა ე.წ. 1925 წლის კონსტიტუცია, რითაც ფაქტობრივად აფხაზეთი საქართველოდან გამოყოფილად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება ამ აქტის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ და მივუთითე აფხაზეთის პარლამენტს თავისი მოქმედების უკანონობაზე, ვინაიდან ამგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო ქვოტირების ანუ კვალიფიციური უმრავლესობის გარეშე, არ ჰქონდა არავითარი იურიდიული საფუძველი. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ვერ მოუტანს რეალურ ზიანს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მაგრამ, როგორც სჩანს, იმპერიულ ძალებს არ აწყობთ მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება ეროვნებათშორისი ურთიერთობებისა საქართველოში. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ლიბანიზაცია და დანაწევრება შესაძლოა მხოლოდ სისხლიანი კონფლიქტების გზით. 1990 წლიდან მათ მიაღწიეს ამგვარი კონფლიქტის გაჩაღებას სამაჩაბლოში, რითაც დღეს საბოლოოდ ჩამოაშორეს საქართველოს ეს კუთხე. ამჟამად კი, შევარდნაძის მეცადინეობით, ამგვარი კონფლიქტის ახალი კერა შექმნეს აფხაზეთში, რათა აფხაზეთიც საბოლოოდ დააკარგვინონ საქართველოს. ამით მოხდა, აგრეთვე, უდიდესი დისკრედიტაცია ქართველი ერისა, საქართველოსი, ვინაიდან ის ქვეყნები, სადაც მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების გენოციდი, სადაც მათ პრობლემებს სამხედრო ძალით წყვეტენ, დაგმობილნი არიან საზოგადოებრივი აზრის მიერ.

სტალინ-ბერიას საქმის ერთგული განმგრძობი შევარდნაძე თავის სისხლიან აქციას იმით ამართლებს, ვითომდაც იგი აღშფოთებულია აფხაზეთის სუვერენიტეტის გამოცხადებით. საკითხავია, რატომ არ აღაშფოთა იგი ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის შექმნამ, რატომ შეეგუა იგი ასე იოლად მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არ გაგზავნა იქ ჯარები სამართლიანობის აღსადგენად? რად შეეგუა იგი სამაჩაბლოს დაკარგვას, სადაც ყოველდღე კვლავ ხოცავენ ქართველებს, სადაც ქართულ სოფლებს ოსი ექსტრემისტები ყოველდღე იკავებენ „მშვიდობისმოყვარე ძალების“ დახმარებით და არც ერთ ქართველ ლტოლვილს არ ადგმევინებენ ფეხს მშობლიურ მიწაზე? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ იმპერიის მსახურის ხუნტა ნაბიჯს ვერ დგამს მეტროპოლიასთან შეუთანხმებლად. თუ დღეს მას მისცეს ნება აფხაზეთში შეჭრისა და იქაური მოსახლეობის გენოციდისა, ეს ყოველივე შორსმიმავალ მიზნებს ისახავს. ამით სურთ გაღვივება ეთნიკური სიძულვილისა და მტრობისა აფხაზთა და ქართველთა შორის, რათა იქაც გაჩაღდეს ისეთივე სამოქალაქო ომი, როგორც სამაჩაბლოში, რათა შემდეგ „მშვიდობისმყოფელი ძალების“ დახმარებით ეს კუთხეც ჩამოაცილონ საქართველოს. აი, ნამდვილი მიზანი აფხაზეთის სადამსჯელო კომპანიისა, რასაც უთუოდ ითვალისწინებდა დაგომისის გარიგება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხუნტის ჯარების შეჭრა აფხაზეთში პატრიოტული გრძნობებით კი არ არის გამოწვეული, არამედ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა განადგურების წყურვილით. ე.წ. სახელმწიფო საბჭოს სურს აფხაზეთშიც დაამყაროს ტოტალიტარული დიქტატურა, ვინაიდან იქაური ხელისუფლება არ მიმართავდა რეპრესიებს და ტერორს კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგ. სოხუმში გამოდიოდა ერთადერთი ოპოზიციური გაზეთი მთელს საქართველოში, თავისუფლად მოქმედებდნენ ხუნტის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ორგანიზაციები. ცხადია ეს არ აწყობდა არც რუსეთის იმპერიას, რომელიც უფრო და უფრო ტოტალიტარული ხდება, თუმც არ იშორებს დემოკრატიის ნიღაბს.

შევარდნაძის ხუნტის სადამსჯელო ოპერაციებში რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია და ყოველივე შეთანხმებულია მეტროპოლიასთან. ამრიგად, აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსგან აწყობს უწინარეს ყოვლისა რუსეთის იმპერიას, რასაც იგი თავისი ერთგული მსახურის, შევარდნაძის ხელით ახორციელებს.

აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება შეიძლება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგით, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებით, და არა იარაღის ჟღარუნით.

მე მოვუწოდებ ქართველ და აფხაზ ხალხებს, არ დაუშვან ძმათამკვლელი ომი, აღადგინონ თავისი საუკუნოვანი ძმობა და ერთობა, გამოუცხადონ ხუნტას საყოველთაო გაფიცვა, დაგმონ და ამხილონ ხუნტის კანიბალური პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ეროვნული და პოლიტიკური კატასტროფისაკენ მიჰყავს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ეროვნულ თანხმობას კავკასიაში და მთელს მსოფლიოში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

19 აგვისტო. 1992 წელი.

[გაზ. „ეროვნული ფრონტი“, №3, გვ. 1, 2 სექტემბერი, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

გუდაუთა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ბ-ნ ვლადისლავ არძინბას

აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისათვის აფხაზი ხალხის გენოციდისაგან გადასარჩენად გთავაზობთ სასწრაფოდ მოიწვიოთ პარლამენტის სესია და გააუქმოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციის აღგენის შესახებ. აღადგინოთ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

21 აგვისტო, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №28, გვ. 2, 28 აგვისტო, 1992 წ.].

 

მიმართვა

ქართველ მთიელთადმი

ძმანო და დანო!

ფშავ-ხევსურეთის, ხევ-მთიულეთის, თუშეთის მკვიდრნო!

დიდი ძნელბედობის ჟამი უდგას ჩვენს სამშობლოს. თვითმარქვია ავანტიურისტებმა, საკუთარი ხალხის სისხლში ხელებგასვრილმა მოღალატეებმა რუსის ჯარის დახმარებით ხელთ იგდეს ხელისუფლება, იმპერიის ცენტრის დავალებით შლიან და ანაწევრებენ საქართველოს, აჩაღებენ ძმათამკვლელ სამოქალაქო ომს, დამნაშავეთა ბანდებს უგდებენ ხელში საჯიჯგნად ჩვენს მიწა-წყალს.

ჟამი დგას ისეთი, როგორსაც აღწერდა დიდი ვაჟა თავის „ბახტრიონში“. შინაურ ურჯულოებს, კომუნისტ-პარტოკრატებს, მაფიოზებს, ნარკომანებს დაღუპვისაკენ მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა. გათელილია ქართული დროშა, შეგინებულია ყოველივე წმინდათაწმინდა, იძარცვება ჩვენი ქვეყანა, მალე უცხო თესლი დაეპატრონება მთელს საქართველოს.

ისტორიული ძნელბედობის ჟამს მთა იყო მუდამ ჩვენი იმედი. მთიელთა თავგანწირვამ და გმირობამ იხსნა საქართველო მრავალგზის. მოგიწოდებთ, აღსდგეთ, გაერთიანდეთ, შეუერთდეთ წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს მოღალატეთა ხუნტის დასამხობად, საქართველოს გადასარჩენად!

გვფარავდეს ძალი წმინდა გიორგისა, მთისა და ბარის ყველა წმინდა სალოცავისა!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

21 აგვისტო, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №28, გვ. 2, 28 აგვისტო, 1992 წ.].

 

 

მოსკოვი,

ოსტანკინო, რუსეთის ტელევიზიას

ა.წ. 23 აგვისტოს რუსეთის ტელევიაზია „ვესტი“-ს პროგრამამ გადასცა ხუნტის სააგენტო „იფრინდა“-ს პროვოკაციული მონაჩმახი იმის შესახებ, თითქოს მე, ჩემს მიმართვაში მთიელთა კავშირისადმი ვნანობ, რომ ვიბრძოდი საქართველოს მთლიანობისათვის, და რომ საქართველო არის მცირე იმპერია, რომელიც შედგება სხვადასხვა ხალხებისაგან, სინამდვილეში ჩემი ასეთი მიმართვა მთიელთა კავშირისადმი არ არსებობს, იგი ხუნტის ნაყალბევია. ჩემს ყოველ მიმართვაში ქართველი ერისადმი მოვუწოდებ საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებისაკენ და ვგმობ ხუნტის ცდებს საქართველოს დაშლისა და კუთხეებად დანაწევრებისა. ეს მორიგი სიცრუე ხუნტას დასჭირდა იმისათვის, რომ გადაარჩინოს რეპუტაცია შევარდნაძისა და მისი ე.წ. სახელმწიფო საბჭოსი, რომელთაც განიცადეს პოლიტიკური კრახი. მე პროტესტს ვაცხადებ ამ დეზინფორმაციის გამო და მოვითხოვ, რომ ეს ჩემი მიმართვა გადაიცეს რუსეთის ტელევიზიის იმავე პროგრამით.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

23 აგვისტო, 1992 წ.

[გაზ. „ქართული აზრი“, №28, გვ. 1, 28 აგვისტო, 1992 წ.].