თვე იგი მეექვსე - 1992 წ. ივნისი

- მიმართვა შიდა ქართლის ლტოლვილებისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- მიმართვა საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი

- საქართველოს პრესას

- მოსკოვი, რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ-ნ რუსლან ხასბულატოვს

- მიმართვა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი

- მიმართვა ქართველი ერისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება

- მიმართვა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ფრანსუა მიტერანს

 

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

მიმართვა

შიდა ქართლის ლტოლვილებისადმი

ძვირფასო თანამემამულენო!

ძმანო და დანო!

უკანასკნელ ხანებში მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა შიდა ქართლში. მოსკოვის მხარდაჭრით ოსი ექსტრემისტები სულ უფრო და უფრო აძლიერებენ აგრესიას, რაშიც მათ ხელს უწყობს შევარდნაძის ნეოკომუნისტური კრიმინალისტური ხუნტის მოღალატური პოლიტიკა. შევარდნაძემ სცნო კულუმბეკოვის თვითმარქვია ხელისუფლება. თანახმაა ორმხრივ მოლაპარაკებაზე, რითაც სცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და მის თვითმარქვია მთავრობას. თვითმარქვიათა შორის ალიანსის შედეგია თქვენი მძიმე მდგომარეობა. თქვენ გაგწირეს საქართველოსთან ერთად, რამეთუ რუსეთის იმპერიის მიზანია შიდა ქართლისა და მთელი საქართველოს ხელახლა დაპყრობა და ანექსია. გორში შევარდნაძის აგენტებმა პროვოკაციის ანკესზე წამოაგეს გვარდიელები, რის შედეგადაც მრავალი მათგანი გაწყდა და დაიჭრა, ამით სამაჩაბლოს მოაკლდა მებრძოლი ძალა. შევარდნაძე, რომელიც მუდამ ოსების გაწყვეტას გლოვობდა და ქართველებზე არას ამბობდა, ახლა რუსებს დასტირის და არას ამბობს იმ უზარმაზარ მსხვერპლზე ქართველთა მხრიდან, რომელიც მოჰყვა ამ ტრაგედიას. იგი გმობს ქართველთა მოქმედებას, ხოლო ოსი ექსტრემისტებისა და რუსი ჯარის მხეცობაზე დუმს: იგი არას ამბობს აგრეთვე ხასბულატოვის, შანიბოვების, კულუმბეკოვების პროვოკაციულ განცხადებებზე, საიდანაც ჩანს, რომ ალიანსი აქვს მათთან, მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ და ეს არის ქართველთა გენოციდი. დროა ქართველმა ერმა აღიმაღლოს ხმა ამ უმაგალითო ღალატისა და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ.

მოაწყეთ საპროტესტო აქციები, მიტინგები, დემონსტრაციები, შიმშილობები, შეუერთდით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაგმეთ შევარდნაძე და მისი აგენტურა საქართველოში, მოსთხოვეთ მათ პასუხი იმ უდანაშულო სისხლისათვის, რომელიც დღეს იღვრება შიდა ქართლში და მთელს საქართველოში.

ჩვენ არაფერი დაგვრჩენია ბრძოლის გარდა! შევქმნათ ერთიანი ფრონტი შიდა ქართლის ხსნისა!

სიმართლე ჩვენს მხარეზეა! ჩვენ გავიმარჯვებთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

[შიდა ქართლის ლტოლვილებისადმი, „ორმოცი მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, - თბ. , სამართლ. აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“, 1994 წ., 21-22 გვ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

ერთ თვეზე მეტია ტელედებატებზე გამოვიწვიე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, ყოფილი სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სუკის გენერალი ედუარდ შევარდნაძე.

პირველად იგი მოვიწვიე მისადმი ღია წერილით, რომელიც ამა წლის 4 მაისს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს ცის ქვეშ“. მას შემდეგ ორგზის გავგზავნე დეპეშა მის სახელზე თბილისში და საქართველოს ტელევიზიაში. ამ გამოწვევის შესახებ წერდა, აგრეთვე, მოსკოვური პრესა. გამომდინარე იქედან, რომ შევარდნაძემ დღემდე არ მიპასუხა და არ გაუკეთებია არავითარი განცხადება ამ საკითხზე პრესასა და ტელევიზიაში, სრული უფლება მაქვს განვაცხადო: იგი თავს არიდებს ჩემთან ტელედებატებს იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი იმ შეკითხვებისა და ბრალდებების პასუხად, რომელიც ჩემს ღია წერილში წავუყენე მას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია 1

992 წ. 7 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №7, გვ. 1, 14 ივნისი, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

საქართველოს იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი

მივესალმები იბერიულ-კავკასიური მოძრაობის შექმნას საქართველოში, რამაც პრაქტიკულად უნდა შეასხას ხორცი იდეებს, რომელნიც მუდამ წარმოადგენდა ქართული ნაციონალიზმის კორიფეების - ჩვენი დიდი მეფეების, მწერლების, სწავლულებისა და საზოგადო მოღვაწეების საქმიანობის მამოძრავებელ ძალას. დღეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა სიტყვა „ნაციონალიზმი“ უარყოფით ცნებად აქციეს. მსოფლიო ასპარეზზე ნაციონალიზმის წინააღმდეგ ილაშქრებენ აგრეთვე ის ამორფული, დენაციონალიზებული, ტრადიციებს მოწყვეტილი კონგლომერატები, რომელთაც არა აქვთ ისტორია, კულტურული თვითმყოფადობა და რომელნიც მიისწრაფვიან კაცობრიობა აქციონ ერთსახოვან მასად, რომელსაც მხოლოდ უმცირესობის სოციალური ნება-სურვილი ამოძრავებს, მხეცური ინსტინქტები და ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ ფასეულობათა მიმართ.

„ნაციონალიზმი“ და „ნაციზმი“ არ არის იდენტური ცნებები, ნაციონალიზმი ეს არის ზრუნვა მშობელი ერის განვითარებასა და თვითმყოფადობაზე, იგი არ ეწინააღმდეგება სხვა ხალხებისადმი პატივისცემას, მათთან თანამშრომლობასა და კეთილშობილურ ურთიერთობებს, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, გაფეტიშება საკუთარი ერისა, სიძულვილი სხვა ერებისადმი, მისწრაფება მათი ასიმილაციისა და განადგურებისადმი. ყოველივე ეს ახასიათებს დიდ ერებს, მცირე რიცხოვან ხალხთა ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მხოლოდ საკუთარ არსებობასა და თვითმყოფადობას. დღეს ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი ინიღბება კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით, რომელთა თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენთვის. საამისოდ იგონებენ სულ ახალ-ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციულ სივრცეებს და ა.შ. რაშიც ვლინდება დიდ ერთა და სახელმწიფოთა ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი. ამიტომ აღუდგნენ წინ ევროპის ინტეგრაციის იდეას დანია, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი, სხვა ევროპელი მოღვაწენი, ამიტომ გაუჩნდათ უამრავი პრობლემა ახალი მსოფლიო იმპერიალიზმის მესვეურებს.

იბერიულ-კავკასიური ერთიანობის იდეებს ღრმა ფესვები აქვს როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთაც. ამ იდეებს ვხვდებით ჩვენი შუა საუკუნეების მოღვაწეების ექვთიმე ათონელის, ლეონტი მროველის თხზულებებშიც. შემთხვევითი არ არის, აგრეთვე, ჩვენი მეფეების ლტოლვა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ერთობისაკენ.

დასავლურ ენათმეცნიერებაში, ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიაში ჰუმბოლტის, ჯონსონის, კარსტის, ბლიუმენბახისა და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ ძველი კავკასიისა და ძველი ხმელთაშუაზღვისპირეთის ეთნოსის წინაისტორიას.

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ამ მოდგმის ხალხები უძველესი დროიდან სახლობდნენ კავკასიიდან პირინეამდე, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის აუზებში, მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ქართველმა მეცნიერებმა ნიკო მარმა, მიხეილ წერეთელმა, ტიტე მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და სხვებმა ნათელი მოჰფინეს კავკასიისმცოდნეობასა და იბეროლოგიის მთელ რიგ პრობლემებს, დაადგინეს ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, ყოველივე ეს მუდამ დაფარული და მიჩუმათებული იყო - საბჭოურ-სტალინური ტიპის, ასევე პროინდოევროპული ორიენტაციის მეცნიერთა მიერ - პირველ რიგში სუკის ნაფიცი მეცნიერის თ. გამყრელიძის, ვ. ივანოვისა და სხვათა მიერ, რათა ქართველ ერს სწორად ვერ შეემეცნებინა თავისი ეთნოგენეზისი, თავისი ნათესაობა და ერთობა იბერიულ-კავკასიურ და იბერია-პირინეის ხალხებთან. მიზანი ყოველივე ამისა იყო აგრეთვე ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსის, მარტოობის, დათრგუნულობის გაღვივება ქართველ ხალხში და ამით გაიოლება მისი ასიმილაციისა ანუ „ინტეგრაციისა“, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ. საქართველოს დღევანდელი ნეოკომუნისტური პრორუსული ხუნტა, ანუ ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“ ამგვარი იდეების ქადაგებას „ფაშიზმს“ უწოდებს, თუმცა მათ „ავიწყდებათ“, რომ ფაშიზმი ეს არის რასობრივი უპირატესობისა და განსაკუთრებულობის თეორია, ბიოლოგიური რასიზმი, მხოლოდ ინდოევროპული, უპირატესად გერმანული მოდგმის ხალხების გამოცხადება კავკასიურ ანუ თეთრ (არიულ) რასსად, რომელმაც უნდა იბატონოს დანარჩენ კაცობრიობაზე. მგავსი იდეები ჩვენთვის უცხოა, ჩვენ სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ჩვენ არ ვქადაგებთ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხების განსაკუთრებულობასა და ჰეგემონიზმს, ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ერი სწორად გაერკვეს თავის ეთნოგენეზისში, შეექმნას სწორი წარმოდგენა თავის მონათესავე ენებზე, საერთო ეთნიკურ, ენობრივ და კულტურულ ფესვებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები (აფსუები), ჩერქეზები, ადიღები, ავარიელები, ლეკები, და სხვები საერთო იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხებია, პროტოიბერთა შთამომავალნი, უძველესი ცივილიზაციის და კულტურის მემკვიდრენი!

საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ ყარაჩაელების, ბალყარელებისა და სხვა თურქული წარმოშობის ხალხებზე, რომლებიც კავკასიაში სახლობენ. ისინი ჩვენთან ნათესაური და მეგობრული მრავალსაუკუნოვანი კავშირებით არიან დაკავშირებულნი, ჩვენი საერთო ოჯახის წევრები არიან როგორც კულტურის სფეროში, ისე ეთნიკურად. ეთნოლოგიაში არსებობს თეორია თურქული მოდგმის ხალხთა წინაპარი თურანული ტომების გენეტიკურ კავშირებზე პელაზგებთან, ბალკანეთისა და ეგეოსის აუზის უძველეს იბერიულ მოსახლეობასთან. ასე რომ, თურქული მოდგმის ხალხებთან ნათესაური ფესვები დაიძებნება ეთნიკური თვალსაზრისითაც.

საბჭოთა ველიკოდერჟავული შოვინიზმი და იმპერიალიზმი მუდამ ცდილობდა უარყოფას არა მარტო ჩვენი ნათესაობისა, არამედ ყოველმხრივ აღვივებდა მტრობას და ეროვნულ შუღლს ჩვენს ხალხებს შორის. ეს, ჯერ კიდევ ცარიზმის ეპოქაში იღებს სათავეს, როცა მთიელთა წინააღმდეგ მიმართულ ექსპედიციებში იყენებდნენ მოღალატე ქართველ გენერლებს, ეს ტრადიციები განავითარა სტალინმა ჩრდილო-კავკასიელ ხალხთა დეპორტაციის დროს, 1944 წელს, როცა ამ ოპერაციებში გამოიყენეს გენერალი გვიშიანი და სხვა ჯალათები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მეტად თავად ქართველი ხალხი დაზარალდა სტალინ-ბერიას ჯალათებისაგან, რომელთა ხელით კეთდებოდა საბჭოთა-რუსული იმპერიალიზმის საქმე. ამგვარი ცდები დღესაც გრძელდება, მაგრამ ისინი დამარცხებისთვისაა განწირული, თუ ჩვენ გამოვიჩენთ პოლიტიკურ სიფხიზლესა და შორსმჭვრეტელობას.

ცალკე საუბრის თემაა აზერბაიჯანელები და სომხები. აზერბაიჯანელები არიან შთამომავალნი ძველი იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხისა ალბანელების ანუ ბერდებისა, რომელნიც მოგვიანებით შეერწყნენ თურქული მოდგმის ხალხებს, ხოლო სომხები წარმოადგენენ ინდოევროპელ არმენიელებთნ შერწყმულ იბერიელ-მცირეაზიელ ჰაიასების შთამომავალთ. აქედან ორი სახელწოდებაა: ჰაიასა და არმენია. ამრიგად, ეს ხალხები წარმოშობით ასევე გვენათესავებიან ჩვენ და ურთიერთს, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ისინი, მიუხედავად ამისა, მტრობენ ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, მთელი კავკასიის მიზანია ჩაქრობა ამ ომის ხანძრისა, რომელიც კატასტროფით გვემუქრება არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. იგივე უნდა ითქვას, აგრეთვე ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, რომელსაც თავისი დიდმპყრობელური მიზნებისათვის აღვივებს რუსეთი.

იბერიულ-კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია სხვაობა ქართველთა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა რელიგიურ აღმსარებლობას შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერებს არ ახასიათებთ ფანატიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი სხვა ხალხებთან თავის ურთერთობებს რელიგიურ საფუძველზე არ აგებენ. გარდა ამისა, ჩვენს დროში წინააღმდეგობას ისლამსა და ქრისტიანობას შორის პოლიტიკურ სფეროში არ ენიჭება ისეთი მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქაში. ამგვარი წინააღმდეგობა კავკასიელ ხალხთათვის უცხო იყო შუა საუკუნეებშიც, რაზეც მეტყველებს ჩვენი ისტორია, აგრეთვე ჩვენი დიდი მწერლების ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, საიდანაც ჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ აღემატებოდა რელიგიურ ფანატიზმსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას. აქ მუდამ ძლევდნენ წინააღმდეგობას ამის ნიადაგზე. ასე რომ ის, ვინც ცდილობს დაარღვიოს ჩვენი ერთობა რელიგიური ფაქტორის მუსირებით, თავად დგას შორს რელიგიისაგან და არ ესმის რელიგიის როლი ადამიანის ყოფიერებასა და პოლიტიკაში და ამას აკეთებს შეგნებული ბოროტგანზრახვით. როგორ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური აღმსარებლობისაა, ნუთუ უნდა გავემიჯნოთ მათ ამ მიზეზით?

ამრიგად, იბერიულ-კავკასიური ერთობის მოძრაობა ჩვენი ხალხების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და აღორძინების მთავარი ფაქტორია. იგი უნდა გაფართოვდეს, განმტკიცდეს და გავრცელდეს მთელ კავკასიაში.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

12 ივნისი, 1992 წელი

[გაზ. „აღდგომა“, №26, გვ. 1, 15 ნოემბერი, 1992 წ.].

 

საქართველოს პრესას

დიდ აღშფოთებას გამოვთქვამ გორში მოწყობილი შეტაკებისა და თბილისში მომხდარი აფეთქების გამო.

დასადგენია, იყო თუ არა შემთხვევითი ამ ორი ფაქტის დამთხვევა.

სულით და გულით ვუთანაგრძნობ სამაჩაბლოში, გორში და თბილისში დაღუპულთა ოჯახებს.

მჯერა, რომ მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა, ქართული გვარდია კვლავაც დაიცავს სამშობლოს საზღვრებს.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

16 ივნისი 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №8, გვ. 1, 21 ივნისი, 1992 წ.].

 

 

მოსკოვი,

რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს

ბ-ნ რუსლან ხასბულატოვს

თქვენი განცხადება რუსეთისათვის შიდა ქართლის ტერიტორიის ძალადობით შესაძლო მიერთების თაობაზე არის სრული იგნორირება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციისა, რომელიც მოქმედებს და არავითარი ხუნტა თუ სახელმწიფო საბჭო არაა უფლებამოსილი შეაჩეროს ან გააუქმოს იგი.

გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ბანდიტიზმის ხანა წარსულს ჩაბარდა ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა იმპერიის ლიკვიდაციასთან ერთად. მალე მთელი მსოფლიო დაგმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას სანქტ-პეტერბურგის ომონისა და ოსი ექსტრემისტების - როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხების მტრების მონაწილეობით. მთელი პასუხისმგებლობა მსგავსი განცხადებების შედეგებისათვის თქვენ დაგეკისრებათ.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

17 ივნისი 1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №8, გვ. 1, 21 ივნისი, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისადმი

1990 წლიდან საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, რომელიც იმთავითვე დაუპირისპირდა მოსკოვის სუკ-ის მიერ შექმნილ ცრუ მონარქისტულ მოძრაობას საქართველოში. ამ კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი აღიარებდა, რომ მოსკოვმა ეს ცრუ მოძრაობა შექმნა საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ ძალებთან დასაპირისპირებლად. ტრადიციონალისტები შევიდნენ „მრგვალ მაგიდაში“ და ამ გზით არჩეულ კანონიერ ხელისუფლებაში, მათი პროგრამა და დეკლარაციები ყოველნაირად გამორიცხავდნენ კოლაბორაციონიზმს იმპერიულ ძალებთან, ისინი ემიჯნებოდნენ მოღალატე ცრუ პარტიებს, მხარს უჭერდნენ კანონიერ პარლამენტსა და პრეზიდენტს. ამან განაპირობა ჩემის მხრივ მხარდაჭერა თქვენი მოძრაობისა, აგრეთვე აკაკი ასათიანის კანდიდატურისა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ამასთან 1991 წელს ტრადიციონალისტთა კავშირის ყრილობაზე მე ამირჩიეს ამ კავშირის საპატიო წევრად.

მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა იმპერიის მიერ ინსპირირებული პუტჩის დღეებში, ბ-ნი აკაკი ასათიანი მერყეობდა, ყოველნაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პუტჩისტი დეპუტატების დაგმობისათვის და ბოლოს საერთოდ გაეცალა ბრძოლის ველს ვითომდაც ავადმყოფობის საბაბით. შემდეგ იგი უეცრად გამოჩნდა ზუგდიდში, სადაც ხალხს მოუწოდებდა არ წასულიყვნენ კანონიერი ხელისუფლების დასახმარებლად და არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლაში. ასეთივე აგიტაციას ეწეოდა იგი ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ამჟამად ცნობილია, რომ მას პუტჩისტებთან იდეური ნათესაობა აკავშირებდა. ხოლო უკანასკნელ ხანებში გამოიკვეთა მისი ალიანსი შევარდნაძის ნეოკომუნისტურ მაფიოზურ ხუნტასთნ. ა. ასათიანი, ზ. ბოკუჩავა და სხვები დღეს ხუნტის ცრუ არჩევნების პროპაგანდას ეწევიან, თანაც ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად აცხადებენ, რომ ისინი ვითომდაც მხარს უჭერენ კანონიერ პრეზიდენტს. ა. ასათიანმა, რომელმაც თავისი თავი გადამდგარად გამოაცხადა, ხოლო კანონიერი პარლამენტი დაშლილად, დღეს ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუწყოს მაფიოზურ ხუნტას ცრუ პარლამენტის შეკოწიწებაში არალეგიტიმური არჩევნების გზით, თუმცა კარგად უწყის, რომ ნამდვილი არჩევნების დანიშვნა მხოლოდ კანონიერი პარლამენტის პრეროგატივაა.

ეს ყოველივე არის აგრეთვე ღალატი ჭეშმარიტი მონარქისტული იდეისა, როგორც საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ გიორგი (ხორხე) ბატონიშვილმა განაცხადა, საქართველოში მონარქია შეიძლება აღდგეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხალხის ნებისა და კონსტიტუციის გადაწყვეტილებით. უზურპატორებს, პუტჩისტებს, ხალხის ნების აბუჩად ამგდებთ კი არა აქვთ უფლება თავის თავს უწოდონ მონარქისტები ან ტრადიციონალისტები. დღეს სავსებით ნათელია, რომ ა. ასათიანის ტრადიციონალისტთა კავშირი გახდა კოლაბორაციონისტული ორგანიზაცია, რომელიც უპირისპირდება კანონიერ ხელისუფლებას. ამის გამო ვაუქმებ ჩემს საპატიო წევრობას თქვენს კავშირში და მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ეროვნული მოძრაობისა და ჭეშმარიტი კონსტიტუციური მონარქიზმის იდეალები, დასტოვოთ ცრუ ტრადიციონალისტთა რიგები და პროტესტი გამოუცხადოთ ანტიტრადიციონალისტ პუტჩისტებთან და სახელმწიფო დამნაშავეებთან ალიანსში მყოფ თქვენს ლიდერს, როგორც მოღალატეს ეროვნული მოძრაობისა და კანონიერი ხელისუფლებისა.

დაგმეთ შეთქმულება საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისა და ლეგიტიმური სახელმწიფო ტახტის წინააღმდეგ. შემოუერთდით ჩვენს რიგებს!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წ. 21 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №10, გვ. 1, 10 ივლისი, 1992 წ.].

 

 

მიმართვა

ქართველი ერისადმი

თანამემამულენო! ძმანო და დანო!

დღეს, 24 ივნისს, თბილისში მოხდა ახალი ტრაგედია. შევარდნაძის ნეოკომუნისტური, სისხლიანი ხუნტის ანტიეროვნულმა და ანტიხალხურმა პოლიტიკამ, საქართველოს ინტერესების გაყიდვამ, სამაჩაბლოს შესახებ ორმხრივ გარიგებაზე დათანხმებამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცალკე სახელმწიფოდ აღიარებამ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზებამ, ტერორმა და რეპრესიებმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში.

როგორც დეპუტატმა ვალტერ შურღაიამ რადიოთი განაცხადა, აქცია იყო მშვიდობიანი, ისინი არ აპირებდნენ ძალადობას და სურდათ მშვიდობიანი გზით აღედგინათ კანონიერი ხელისუფლება, ხალხისათვის მიეცათ ჭეშმარიტი ინფორმაცია ყოველივე იმის შესახებ, რაც დღეს ხდება საქართველოში. მიუხედავად ამისა, ხუნტის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს იერიში ტელევიზიის შენობაზე, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაჭრილები და დაპატიმრებულები.

სამართლიანობისათვის მებრძოლებს ხუნტა დღეს ტერორისტებად სახავს და ემუქრება ანგარიშსწორებით.

ეს არის მორიგი დანაშაული უზურპატორთა ხუნტისა ქართველი ერის წინაშე, რომელიც უნდა დაგმოს ჩვენმა ერმა და მთელმა მსოფლიომ.

მოგიწოდებთ, უზურპატორთა და მოღალატეთა წინააღმდეგ, ერთიანი ფრონტით იბრძოლოთ მათი ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის, კონსტიტუციური წყობისა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის. საქართველოს ხსნა მხოლოდ ჩვენს ერთობას ძალუძს.

გვფარავდეს ღმერთი!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

24 ივნისი,1992 წ.

[გაზ. „აღდგომა“, №9, გვ. 1, 3 ივლისი, 1992 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

24 ივნისს, დაგომისში გაიმართა შევარდნაძისა და ელცინის შეხვედრა, რასაც უწოდებენ ორი სახელმწიფოს შეხვედრას, მაგრამ სინამდვილეში ეს შეხვედრა იყო ოთხმხრივი, რადგან მას ესწრებოდნენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ და „ჩრდილოეთ ოსეთის“ წარმომადგენლები. ამით შევარდნაძემ ფაქტიურად აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში, თუმცა ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ფაქტობრივი აღიარება რუსეთისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს წარმოადგენს, ვიდრე უბრალო დეკლარაციები, რამდენადაც ის ხელს უწყობს მოცემული ტერიტორიის მის იურისდიქციაში გადასვლას. დაგომისის შეხვედრის უმნიშვნელოვანეს შედეგს წარმოადგენს მასში მონაწილე მხარეთა გადაწყვეტილება კონფლიქტური მხარეების ე.წ. ერთიანი გამმიჯნავი ძალების შექმნის შესახებ. ყველასათვის ცხადია, თუ რომელი ეროვნების ჯარისკაცები იქნებიან ამ ძალების შემადგენლობაში. ლაპარაკია სამაჩაბლოში რუსი ჯარისკაცების შეყვანის შესახებ, თითქოსდა ქართველ და ოს „ბოევიკთა“ რაზმების გამიჯვნისათვის. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ სად მოათავსებენ ქართველ ჯარისკაცებს და ქართულ მოსახლეობას - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის სამხრეთ საზღვრებთან, გორის რაიონის ახლოს, ამ საზღვრის ჩრდილოეთით კი ერთი ქართველის სახსენებელიც არ დარჩება. ყველა ქართული სოფელი განწირულია დაცარიელებისა და დაღუპვისათვის, მაშინ, როცა რუსი ჯარისკაცები დაიცავენ ოსი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობენ შიდა ქართლის რაიონში 150 ათასი ოსის დაბრუნებას.

მიღებული მონაცემების თანახმად ამ შეხვედრამ გამოიწვია სამაჩაბლოში რუსული და ოსური აგრესიის ესკალაცია, ოსი ექსტრემისტები შეტევაზე გადავიდნენ, ქართული გვარდია ხუნტის ბრძანებით განიარაღებულია, ქართული სოფლები სავსებით დაუცველი დარჩა.

ამგვარად, დაგომისის შეხვედრაზე შევარდნაძემ კიდევ ერთხელ უღალატა საქართველოს და გაყიდა მისი ინტერესები, როცა შიდა ქართლი რუსეთსა და ოსეთს დაუთმო, ხოლო მისი ცარიელი დეკლარაციები, რომლებიც თითქოსდა გმობენ რუსულ აგრესიას, მხოლოდ ნიღბავენ ამ შეთქმულებასა და მორიგებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 26 ივნისი

[გაზ. „აღდგომა“, №9, გვ. 1, 3 ივლისი, 1992 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

განცხადება

საქართველოში დაიწყო 1937 წლის დარი რეპრესიები და ტერორი. 24-25 ივნისს დაპატიმრებულია 100-მდე ადამიანი შეთითხნილი ბრალდებებით, თუმცა მოსკოვის ტელევიზია 12-ს აცხადებს. 24 ივნისს თვითმარქვია ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილმა პროვოკაციამ ნაყოფი გამოიღო. შინაგანი ჯარის ოფიცრებმა, რომლებიც ხუნტის აგენტები აღმოჩნდნენ, მოატყუეს მომიტინგეები, რომ მათ დაიცავდნენ ტელევიზიაში შესვლისა და მისი დაკავების შემთხვევაში. მათ მიიყვანეს ორი ტანკი ტელევიზიის შენობასთან, შემოიტანეს იარაღი. მას შემდეგ, რაც მომიტინგეები შევიდნენ ტელერადიოდეპარტამენტში და რადიოთი მიმართეს მოსახლეობას, შინაგანი ჯარის ოფიცრები მიიმალნენ. არც მათი დაპირებული ჯარი გამოჩნდა, რომელსაც უნდა დაეცვა ხალხი ხუნტის დამსჯელი რაზმებისაგან. დილით „მხედრიონისა“ და ე.წ. ორგანიზაცია „პატრიოტის“ კრიმინალურმა ბანდებმა იერიში მიიტანეს ტელევიზიის შენობაზე და ანძაზე, მოკლეს 30-მდე ადამიანი, დაჭრეს და დააპატიმრეს მრავალი. ამჟამად ხუნტა ყოველივე ამას გადატრიალების მცდელობას უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს არავისათვის უსვრიათ და ამით ამართლებს რეპრესიებს. აპატიმრებენ ადამიანებს, მათ შორის ქალებს და მოხუცებს, რომელთაც არაფერი იცოდნენ მომხდარის შესახებ და სახლებში იყვნენ. ხუნტის წევრები აცხადებენ, რომ გაანადგურებენ პრეზიდენტის ყველა მომხრეს, ე.ი. ქართველი ხალხის 90%-ს. საქართველოში არსებული ორად ორი დამოუკიდებელი გაზეთი „იბერია-სპექტრი“ და „თავისუფალი საქართველო“ დაიხურა ხუნტის ბრძანებით. გრძელდება დაპატიმრებები. ამავე დროს „მხედრიონის“ ბანდები შეესივნენ დასავლეთ საქართველოს, სადაც განზრახულია სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება.

მე მივმართავ მსოფლიო საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა კეთილი ნების ადამიანს არ დაუშვას სტალინიზმის აღორძინება საქართველოში, ამხილოს შევარდნაძის ტოტალიტარული რეჟიმის სისხლიანი ტერორი, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, სიტყვისა და პრესის თავისუფლების ჩახშობა, პირდაპირი გენოციდი ქართველი ერისა.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

26 ივნისი 1992 წელი

[გაზ. „ქართული აზრი“, №27, გვ. 1, 6 აგვისტო, 1992 წ.].