გამოსავლის გზების ძიებისათვის,
ანუ დაპირისპირება თუ ნეიტრალიტეტი?
საუბარი, ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის გახსენებით გვინდა დავიწყოთ.
როგორც მოგეხსენებათ - „ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ქვეყნის შიგნით განიხილოს, დათანხმდებოდა თუ არა ნატო-ში მიღების ისეთ მოდელს, რომლის მიხედვითაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემიდან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ალიანსს არ სურს, ჩაერთოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკვე არსებული კონფლიქტის გამო, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში არაოფიციალურად დიდი ხანია მსჯელობენ ვარიანტზე – საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს იმ დათქმით, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.
ეს ინიციატივა კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2018 წელს, როდესაც კვლევითმა და ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა გამოაქვეყნა მკვლევარ ლუკ კოფის ნარკვევი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეხება. ავტორის მტკიცებით, პირად საუბრებში საქართველოს მთავრობის წევრები თანახმანი არიან, საქართველო იმ პირობით გახდეს ნატოს წევრი, თუ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ქვეყნის ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე“ [იხ. ინტერნეტ გამოცემა: „ნეტგაზეთი“].
იმაზე პასუხის გაცემამდე, თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად მისაღები შეიძლება იყოს საკითხის ამდაგვარად გადაჭრის შესაძლებლობა, მოდით თვალი გადავავლოთ - საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონში, ბოლო წლების მანძილზე განვითარებული ზოგადი სურათის აღმწერ „მოკლე ისტორიულ ქრონიკას“:
- 1918-1921 წ.წ., საბჭოთა იმპერიაში ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში ყოფნის 70 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ: 1990 წ. 14 ნოემბერს მიიღო საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“, სადაც, კერძოდ, ჩაიწერა, რომ - „გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძარაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები“;
- 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის მოწვევის უზენაესმა საბჭომ - 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა;
- 1991 წ. 15 სექტემბერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ღებულობს დადგენილებას - „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ:
„1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარარებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო ძალად;
2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრ კავშირთან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრ კავშირის შეიარარებული ძალების გაყვანის თაობაზე...“;
- 1991 წ. 21 დეკემბერს, წლების მანძილზე, სსრ კავშირში მყოფი 11 რეპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ, ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში მიღებული გადაწყვეტილებით: დაშლილად გამოცხადებული საბჭოთა კავშირის ბაზაზე რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარეობით [ბალტიისპირეთის სამი და საქართველოს რესპუბლიკის გამოკლებით], შეიქმნა, რუსეთის იმპერიის ახალი ფორმაცია - ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ [„დსთ“];
- 1991 წ. 22 დეკემბრიდან 1992 წ. 6 იანვრამდე, რუსეთის იმპერიული ძალების მიერ მხარდაჭერილი, საქართველოში არსებული კრიმინალური ძალებისა და მათთან კავშირში მყოფი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებული შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, 1992 წ. 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი საქართველოს კანონიერი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო;
- 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ ბაზაზე, 1992 წ. 10 მარტს - ედ. შევარდნაძის, ჯ. იოსელიანის, თ. კიტოვანისა და თ. სიგუას ხელმძღვანელობით იქმნება ე.წ. „სახელმწიფო საბჭო“, რომელშიც თავი მოიყარეს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში მონაწილე დამნაშავე ჯგუფების წარმომადგენლებმა;
- 1992 წ. 22 ივლისს, დაგომისში ე.წ. „სახელმწიფო საბჭოსა“ და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამშვიდობო სტატუსით ყოფნის უფლება მიეცა რუსეთი ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესაბამის კონტინგენტს;
- 1992 წ. 14 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტვირთების გადაადგილების გაკონტროლების საბაბით [სინამდვილეში კი - ამ ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიასა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მიზნით მიმდინარე მოსახლეობის მშვიდობიანი, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიზნით] ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს“ მიერ კონტროლირებული ე.წ. შეიარაღებული ბანდების შესვლა, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით მოქმედმა აფხაზეთის ხელისუფლებაში მოკალათებულმა სეპარატისტულმა ძალებმა - საომარი მოქმედების საბაბად გამოიყენეს;
- 1993 წ. 27-30 სექტემბერს საომარ მოქმედებებში საქართველოს მხარის დამარცხების გამო, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 300 000 ათასამდე პირმა იძულებით დატოვა მშობლიური კარ-მიდამო;
- 1993 წ. 31 დეკემბერს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ დატრიალებული ტრაგედიის მთავარი შემოქმედის რუსეთის იმპერიული ძალების მხარდაჭერით ზურგ გამაგრებული ედ. შევარდნაძისა და კრიმინალური სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი ქმედების შედეგად, ზვიად გამსახურდიას ამქვეყნიური ცხოვრების დღეები ტრაგიკულად დამთავრდა;
- 1994 წ. 1 მარტს, 1992 წ. 11 ოქტომბრის მოწვევის უკანონო - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველო, რუსეთის იმპერიის სახეცვლილ ე.წ. „დსთ“-ში გაწევრიანდა;
- 1994 წ. 14 მაისს, რუსეთის ძალისხმევით: საქართველოს სახელით მოქმედი - ჯ. იოსელიანისა, და აფხაზეთი სახელით წარმოდგენილ - ს. ჯინჯოლიასთან ერთად, გაფორმდა - „მოსკოვის 1994 წ. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:
„...7. მხარეები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს, 1994 წლის 15 აპრილის განცხადების საფუძველზე სთხოვენ საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გამოყენების შესახებ“;
- 1994 წლის 21 ივნისს, 1994 წლის 14 მაისს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით დაახლოებით 2000 რუსი სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდა;
- 1994 წლის 22 აგვისტოს, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებული დოკუმენტით: მდ. ენგურის გასწვრივ სამშვიდობოთა განლაგება ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ: „სამშვიდობო ჯარები განლაგდნენ ქართული და აფხაზური მხარეების თხოვნით“.
გადაწყვეტილების თანახმად, სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში ექვსი თვით განთავსდნენ, თუმცა მათი მანდატი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ გრძელდებოდა.
2003 წლის ზაფხულში მაშინდელმა პრეზიდენტმა ედ. შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლ. პუტინთან შეხვედრისას, რომელიც 2003 წლის 7 მარტს გაიმართა, პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუს სამშვიდობოებს შეეძლოთ კონფლიქტის ზონაში დარჩენა, სანამ მათ გაყვანას ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვდა;
- 1994-1995 წ.წ. ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ ქართულმა დელეგაციამ რუსეთს შეიარაღებული ძალების დროებითი განლაგების მექანიზმის გამოყენება შესთავაზა და კვოტების დროებით დათმობაზეც დასთანხმდა;
- 1995 წლის 22 მარტს რუსეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი - ახალქალაქის, ბათუმის, ვაზიანისა და გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზების შექმნის ხელშეკრულებას;
ბაზები 25 წლით უნდა განთავსებულიყო (მომავალში გახანგრძლივების პერსპექტივით), ოღონდ ორი პირობით:
1.რუსეთი საქართველოს იურისდიქციას აღიარებდა აფხაზეთში, და
2. რუსეთი საქართველოს დაეხმარებოდა ჯარის შექმნაში;
- 1999 წლის ნოემბერში, სტამბოლში გამართულ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ „ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებისადმი“ მიძღვნილ მორიგ კონფერენციაზე, საქართველომ დღის წესრიგში დააყენა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ბაზების ნაწილის (გუდაუთისა და ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზების) დაშლა და გაყვანა;
- 1999 წ. 17 ნოემბერს, ე.წ. „სტამბულის შეთანხმებას“ სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა, მათ შორის - კლინტონმა, ელცინმა, შევარდნაძემ და ა. შ. მოაწერეს ხელი. რუსეთმა იკისრა ვალდებულება, 2001 წლის 1 ივლისამდე დაეხურა გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები.
ამასთან - საქართველო დროებით ანიჭებდა მოსკოვს - ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას, მაგრამ 2000 წლის განმავლობაში მხარეებს უნდა დაესრულებინათ მოლაპარაკებები ამ ორი სამხედრო ბაზის დახურვის ვადებზე;
- 2001 წლის ივლისში ლიკვიდირებული და გაყვანილი იქნა ვაზიანის 137-ე ბაზა.
ამავე წლის ოქტომბერში, რუსეთის განცხადებით, „იგივე ბედი“ ეწია გუდაუთას 50-ე ბაზას. თუმცა, ამ უკანასკნელის შემოწმება არ ხერხდებოდა - რუსეთი არგუმენტად აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებას ასახელებდა.
გარდა ამისა, რუსეთმა, ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, საქართველოში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა მოითხოვა, რომელიც ბათუმში იქნებოდა განთასებული;
- 2006 წლის 31 მარტს სოჭში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების 2008 წელს დახურვის საკითხებს ითვალისწინებდა;
- 2007 წ. ნოემბერში რუსეთის ფედერაციამ, ვადამდე 1 წლით ადრე, ორივე ბაზა მთლიანად გაიყვანა საქართველოდან;
- 2007 ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში განვითარებული პროცესების ფონზე, პრეზიდენტ მ . სააკაშვილის მიერ პოსტიდან გადადგომისა და 2008 წ. 5 იანვარს, მაქსიმალური შესაძლო გაყალბებით ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გზით, პრეზიდენტის პოსტი კვლავ მ. სააკაშვილმა დაიკავა;
- 2008 წ. აპრილში, ბუდაპეშტში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული ზოგადი ხასიათის გადაწყვეტილება: ნატოში - საქართველოს შესაძლო მიღების პერსპექტივის თაობაზე, რომელიც დიდწილად, მ. სააკაშვილისათვის - საერთაშორისო ასპარეზზე შერყეული ავტორიტეტის გამოკეთებას ისახავდა მიზნად, ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად იქცა, საქართველოდან საკუთარი სამხედრო ბაზების გაყვანის გამო, ისედაც - იმპერიული ცნობიერებაშელახული რუსეთის ხელისუფლებისათვის.
რუსეთის სამხედრო დოქტრინაში დაფიქსირებული პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის „ნატოს“ მიახლოება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებაო, ბუდაპეშტის ხსენებულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით გაღიზიანებული რუსეთის იმპერიული ძალებისათვის - აქტიური მოქმედების დაწყების ერთგვარ იურიდიულ საფუძვლად იქცა;
- 2008 წ. 7-12 აგვისტოს მიმდინარე „რუსეთ-საქართველოს“ სამხედრო დაპირისპირების სავალალო შედეგიდან გამომდინარე, ი/წ 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად აღიარა - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
ჩვენი აზრით, რუსეთისათვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, სხვა გეოსტრატეგიული ინტერესების პარალელურად, დიდწილად - საქართველოსთვის ნატოში შესაძლო გაწევრიანების ხელშეშლას მიზნით უნდა იყოს განპირობებული;
- 2008 წლის ბოლოდან მოყოლებული დღემდე, საქართველოსა და ნატოს შორის წარმართული ყოველი ახალი ურთიერთობა, რუსეთი მხრიდან გამოვლენილი, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საპასუხო ქმედების „მიზეზი“ ხდება. კერძოდ:
საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა, აქამდე არნახული ოდენობის სამხედრო ძალები და შეიარაღება განალაგა;
საქართველოს შუაგულში მდებარე ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარე: საოკუპაციო ხაზის მცოცავი გადაადგილებითა და ე.წ. პირობითი საზღვრის დაფიქსირებით, რუსეთის მიზანია მაქსიმალურად შეასუსტოს - საქართველოს, როგორც ე.წ. „აბრეშუმის გზის“ ამოქმედების პერსპექტივაზე ორიენტირებული ქვეყნის როლი, და სხვა;
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში განვითარებულ პროცესებში სათანადოდ გარკვეული ნებისმიერი პირისათვის, ვგონებთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, თუ რამდენად უპერსპექტივოა, წინამდებარე მასალის დასაწყისში გადმოცემული - ნატოს ყოფილი გენ.მდივნის მიერ ა.წ. 10 სექტემბერს გაჟღერებული პოზიცია - „საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იმ დათქმით, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება“.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ, ჯერ კიდევ - 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში გაჟღერებული პოზიცია, დღემდე რჩება, როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, ვისაც ყური სასმენლად აქვს პრინციპიდან გამომდინარე, ამჯერადაც გვინდა გავაჟღეროთ:
დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე გეოსტრატეგიული დაპირისპირების ფონზე, რუსეთი ფედერაციის როლის გათვალისწინების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია - საქართველოს სტრატეგიული სახელმწიფოებრივი ინტერესის - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება.
შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობამ, სათანადოდ უნდა გაიაზროს, რომ:
როგორც საერთაშორისო, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში მოქმედი სხვადასხვა პირისა თუ ჯგუფის მიერ, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პირობებისა თუ დროითი მიჯნების გამოკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დაპირება:
ან შეგნებული სიცრუის ნაწილია,
ანდა ამ პოზის პერსპექტივის მოიმედეთა სრულ პოლიტიკურ უგუნურებაზე მეტყველებს.
მსოფლიოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რუკაზე კავკასიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზემოთგანხილული საკითხის დადებითად გადაწყვეტა, მხოლოდ საქართველოს მიერ, სათანადო პირობებზე დაფუძნებულ, მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაში უნდა ვეძებოთ
[იხ. მაგ. ჩვენს მიერ, 2013 – 2019 წ.წ. გამართულ არჩევნებზე გაჟღერებული საარჩევნო პროგრამების მასალა:
http://www.ufali.ge/index.php/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90 ].
განსახილველი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამჯერად ამ საკითხის განხილვაზე არ შევჩერდებით.
ჩვენი წინამდებარე საუბარი კი ბიბლიური შეგონებით გვინდა დავასრულოთ - „იმედს ნუ დაამყარებ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები. ნეტარ არს ვისიც შემწეა ღმერთი... ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე...“ [ფსალმ. 145,3-5].
მიხეილ [გელა] სალუაშვილი,
2019 წ. 21 სექტემბერი
პოლიტიკური პროგნოზი - 2020 წელს ე.წ. „კოალიციური მათავრობის“ ფორმირების თაობაზე, ანუ დასახული მიზნის კვალდაკვალ
2020 წლისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესითა და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების პერსპექტივა, ერთგვარ დაბნეულობას ქმნის, ამდაგვარ გარემოში პირველად აღმოჩენილი საქართველოს პოლიტიკური სპექტრისათვის.
ერთის მხრივ - საეთერო პროპაგანდისათვის საჭირო სამაუწყებლო შესაძლებლობისა, და
მეორეს მხრივ - საბიუჯეტო დაფინანსებისა თუ სხვადასხვა გზით მოპოვებული საფინანსო სახსრების მქონე პარტიები, საარჩევნო ყულაბის „სიმძიმიდან“ გამომდინარე განსხვავებული გეგმების დასახვით არიან დაკავებულები.
ხსენებული ე.წ. „ნულოვანი ბარიერი“, უმრავლეს პარტიას უქმნის ცრუ ილუზიას, საპარლამენტო მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით. მათი აზრით, მოსალოდნელი მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების პერსპექტივა, სავარაუდო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის.
პ/გ „ნაც. მოძრაობა“ და მის პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფი პარტიები, ცდილობენ საკუთარი პოტენციური ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ მათი საპარლამენტო მანდატების სავარაუდო ჯამური ოდენობის გათვალისწინების გარეშე, დღევანდელი მმართველი გუნდი - პ/გ „ქართული ოცნება“ და მის გარშემო - ღიად თუ ფარულად მოქმედი სხვადასხვა პარტიები, დამოუკიდებლად, ვერ შეძლებენ მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო - ნახევარზე მეტი საპარლამენტო მანდატის მოპოვებას.
ჩვენი აზრით, თუ ღმერთის ნებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, მოსალოდნელი პოლიტიკური სურათი, სრულიად განსხავვებული რეალობის ამსახველი იქნება.
ორიგინალურნი არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ, ამა თუ იმ ეტაპზე, პოლიტიკურ პარტიათა მიერ დასახული მიზნის ასრულება, სურვილის გარდა, მათ - ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელი მრავალ ფაქტორს აერთიანებს [ინტელექტუალური თუ ფიზიკური; ფინანსური და სხვა], რომელთა თაობაზე ამჟამად არ ვისაუბრებთ.
პოლიტიკურ ასპარეზზე 2011-2012 წ.წ. გამოსული ბ-ი ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ დაკომპლექტებული გუნდის გზასავალის ანალიზი ერთგვარ კანონზომიერებას გამოკვეთავს. კერძოდ:
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი დანაშაულებრი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებიდან ჩამოცილების ამოცანა უნდა გადაჭრილიყო. საბოლოოდ:
კოალიციამ - „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“, პროპორციული წესით ასარჩევი 77 მანდატიდან - 44, ხოლო: მაჟორიტარული წესით ასარჩევი 73 მანდატიდან - 41, ანუ მთლიანობაში - 85 სადეპუტატო ადგილი აიღო.
მ. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა: „ნაც. მოძრაობამ:, შესაბამისად - 33, და - 32, ანუ ჯამში - 65 სადეპუტატო მანდატი აიღო;
გარდა ამისა - 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პოლიტიკური სისტემა, 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. საპრეზიდენტოდან - საპარლამენტო მოდელზე გადავიდა.
ამ მოდელის მიხედვით ქვეყნის მართვის ოთხწლიანმა გამოცდილებამ, მორიგი საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების აუცილებლობა დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, თავისთავად განისაზღვრა სამოქმედო მიზანიც: მომავალ საპარლამენტო არჩევნებში - საჭირო იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. და მართლაც:
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მხარდამჭერმა პ/გ „ქართულმა ოცნებამ“:
პროპორციული წესით ასარჩევი 77 მანდატიდან - 44, ხოლო: მაჟორიტარული წესით ასარჩევი 73 მანდატიდან - 71, ანუ მთლიანობაში: 150 მანდატიან პარლამენტში - 115 სადეპუტატო ადგილი აიღო.
ამასთან, პარლამენტში შემდეგი 4 პარტია გავიდა:
„ქართული ოცნება“ [115 ადგილი];
„ნაც. მოძრაობა“ [27 ადგილი];
„პატრიოტთა ალიანსი“ [6 ადგილი], და
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ [1 - მაჟორიტარული წესით მოპოვებული მანდატი].
150-ე მანდატი, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულმა ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიპოვა.
2017-2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარების შემდგომად, კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან, ანუ 2018 წ, 16 დეკემბერს ამოქმედდა.
კონსტიტუციაში, შესაძლო ცვლილების მექანიზმთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი დაფიქსირდა:
„3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.
4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“ [მუხლი 77,3-4].
პ/გ „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილი ეს მექანიზმი, თითქმის მთლიანად გამორიცხავს საკონსტიტუციო ცვლილების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დღეისათვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მხრადამჭერი სახელისუფლო გუნდის წინაშე, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ამოცანის განხორციელება დადგა დღის წესრიგში. კერძოდ:
საჭიროა - იმ [მინიმუმ - ნახევარზე მეტი] რაოდენობის საპარლამენტო მანდატების მოპოვება, რაც საქართველოს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისათვის, მყარი საგარანტიო პირობის შექმნას უზრუნველყოფს.
ამ მიზნის მქონე პარტიის - პროგრამა მაქსიმუმი, ბუნებრივია უნდა ითვალისწინებდეს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ საპარლამენტო გუნდის შიგნით მოსალოდნელი გართულების „დამზღვევი“ მექანიზმის გათვალისწინებასაც.
ეს უკანასკნელი, თავის თავში მოიცავს, - არა ნახევარი [აქ - 76] ოდენობის საპარლამენტო მანდატის, არამედ გაცილებით მეტი [90-95] - სადეპატატო ადგილის მოპოვებას.
ამ საწყისი მოცემულობიდან გამომდინარე, დარჩენილი - მაქსიმუმ 60 საპარლამენტო მანდატი, პოლიტიკური სპექტრის ე.წ. საარჩევნო ყულაბის „სიმძიმიდან“ გამომდინარე, შესაძლოა ასე გადანაწილდეს:
„ნაც. მოძრაობა“, პირობითი 10-12%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, 18-იოდე მანდატს მოიპოვებს;
მომდევნო პირობით ჯგუფში შეიძლება მოვიაზროთ: 2%-დან 6-7 %-მდე მხარდამჭერთა მქონე პარტიები; ესენია:
„პატრიოტთა ალიანსი“ – 12 მანდატი [7-8%];
„ევროპული საქართველო“ – 9 მანდატი [5-6%];
„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ [ნ. ბურჯანაძე] – 6 მანდატი [3-4%];
„ლეიბორისტული პარტია“ [შ. ნათელაშვილი] – 6 მანდატი [3-4%];
დარჩენილი: 8-9 სადეპუტატო მანდატი გადანაწილდება: [0,7-2]%-იანი ოდენობის მხარდამჭერთა მოიმედე 3-4 პარტიაზე.
ამდენად, 2020 წლისათვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო პროგნოზი, დაახლოებით [ჯამში 2%-იანი ცდომილების გათვალისწინებით] ასეთ სურათს გამოკვეთავს:
ერთ მხარე იქნება; ამომრჩეველთა, მინიმუმ - 60%-იანი მხარდამჭერის მქონე პ/გ „ქართული ოცნება“, თავისი - 90-მდე სადეპუტატო მანდატით;
მეორე მხარეს აღმოჩნდება, ამომრჩეველთა, მაქსიმუმ - 40%-ის მომგროვებელი, დაახლოებით 7-8 პოლიტიკური პარტია, რომლებიც ჯამში - 60-მდე სადეპუტატო ადგილს გადაინაწილებენ.
აქვე დავსძენთ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე სავარაუდო ახალ „მოთამაშეთა“ გამოვლენის შემთხვევაში, ცვლილება, ალბათ, მხოლოდ ხსენებული 60 მანდატის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, საქართველოში, ე.წ. კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი წინაპირობა არ არსებობს; რამეთუ
მთავრობას დააკომპლექტებს, საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 60%-იანი მხარდაჭერით გამარჯვებული - პ/გ „ქართული ოცნება“.
პოლიტიკური სპექტრის ყველა დანარჩენი მონაწილე, რომელიც ვითომცდა ე.წ. „კოალიციური მთავრობის“ თემატიკით ცდილობს ამომრჩეველთა ყურადღების მიპყრობას:
ან პოლიტიკურად უმწიფარია;
ანდა, პოლიტიკური თაღლითი...
დე, ამომრჩეველმა თავად გააკეთოს მისთვის მისაღები არჩევანი...
ქრისტესმიერი სიყვარულით
მიხეილ [გელა] სალუაშვილი,
2019 წ. 19 სექტემბერი
...
უფლის დიდება შემოგვრჩა სიტყვაში,
საქმეში კი, მძლავრობს - ბოროტის პარპაში,
ღვთის საძმო გაება „ხაფანგში“,
ზეცა ამხელს ღვთის წინაშე ამხედრებულებს,
არ დაიმალება!
სამსჯავროს ამზადებს ზეცის განგება!..
დინა [დიანა] ჯიქია
...
ჩემო სამშობლოვ - მიყვარხარ,
მთელი ცხოვრების მოწმე შენა ხარ,
ვიცი, ფიქრობდი, შენს მიწა-წყალზე
ბევრი გმირები რომ დაგენახა...
ჩვენი ცხოვრება, დიდება ძველი,
შენს კიდეებზე აშენებულა.
მიყვარხარ, რადგან, ჩვენ - ქართველები,
შენს მიწა-წყალზე დავბადებულვართ!
ვიცი დაგროვდა დარდები,
და საფიქრალი ულევი,
ჩვენ - ღვთისმშობელი გვმფარველობს,
მტერო - ჩვენს „სიკვდილს“ ნუ ელი!..
ეკატერინე
ხრიკული