არაბული სამყაროდან მომდინარე

დროითი ნიშანი

 უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის დიადი წამის დადგომამდე მოსახდენ ნიშანთა ჩამონათვალში, თითოეულ მინიშნებას _ თავისი გამორჩეული ადგილი უჭირავს. სახარებაში, იოანე ნათლისმცემლის პირით, ასეთი ინფორმაციაა დაცული _ `მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით~ (მათე 3,11).

 იქვე დაფიქსირებულია მაცხოვრის სიტყვები _ `მოვედი რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას...~-ო (ლუკა 12,49).

 განსახილველი კუთხით _ `ცეცხლი~, ზოგადად _ ბოროტების დათრგუნვასა და მის აღგვაზე რომ მიგვანიშნებს, სწორედაც რომ უფალი ღმერთის მეორედ მოსვლასთან კავშირდება. აკი ბრძანა მაცხოვარმა _ `... იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომით, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მოსრა ყველა. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა~ (ლუკა 17,29-30).

 ბიბლიაში, იქ, სადაც მოსეს წინააღმდეგ ამხედრებული ისრაელიანების ამბავია აღწერილი, ვკითხულობთ _ `როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა, უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი. შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს, და დაცხრა ცეცხლი. უწოდეს იმ ადგილს სახელად თაბყერა, რადგან იქ აღიგზნო უფლის ცეცხლი~ (რიცხვ. 11,1-3). ზეციდან მომდინარე `უფლის ცეცხლი~, რომელმაც `შთანთქა ბანაკის განაპირი~, მისტერიულად _ განკითხვის დღეს მოსახდენს განასახიერებს.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უდავოდ საინტერესოა იმ უნიკალური მოვლენის გააზრება, რაც _ მართლმადიდებელი სამყაროს მიერ დადგენილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს მომხდარ _ ზეციდან ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლასთან კავშირდება.

 თუ გავიაზრებთ, რომ ზეციდან გარდამომავალი ღვთაებრივი ცეცხლი, მისტერიულად _ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე მიგვანიშნებს, მაშინ, ამ თვალთახედვიდან გამომდინარე, თავისი მისტერიული დატვირთვა აქვს, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის _ წინმსწრებ პროცესებსაც.

 საუბრის გაგრძელებამდე, მოდით თავად ამ მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია გავიხსენოთ. როგორც ცნობილია, დედოფალი ელენეს მიერ იესუ ქრისტეს საფლავზე IV ს-ის 20-იან წლებში აგებულ ტაძარში, ღვთაებრივი ცეცხლი, ჩვენი დროით 15-16 საათს შორის გადმოდის _ `მორწმუნეები ამ მოვლენის სანახავად ადგილებს ჯერ კიდევ წითელ პარასკევს იკავებენ.

  მაცხოვრის საფლავის ცვილის ბეჭდით დახურვის შემდეგ ტაძარში მართმადიდებელი არაბები შემოდიან, მათი ხმაურიანი ლოცვა ცეცხლის გარდამოსვლის ერთერთი აუცილებელი პირობაა.

 დაახლოებით პირველი საათისთვის ტაძარში იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი შემოდის, მას უკან სხვა კონფესიების წარმომადგენელი ღვთისმსახურები მოჰყვებიან. შემდეგ ლიტანიობა იწყება. სამგზის აღდგომის ტაძრის და შემდეგ მაცხოვრის საფლავის შემოვლის მერე პატრიარქი განიმოსება და კუვუკულიაში შედის. მოლოდინი, რომელიც მორწმუნე მრევლსა და ღვთისმსახურებში არის ზოგჯერ ნახევარი საათიც გრძელდება.

 სასწაული ყოველ წელს ხდება, ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის და მართმადიდებელი პატრიარქის სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ მთელს ტაძარში ვრცელდება...~ (იხ. საქართველოს საპატრიარქოს ელექტრონული გვერდი).

 ამჟამად, არაფერს ვიტყვით ამ მოვლენის მოხდენის დღეზე _ შაბათზე, და _ `მაცხოვრის საფლავის ცვილის ბეჭდით დახურვის~ მისტერიულ მხარეებზე, და პირდაპირ გადავალთ იმის ანალიზზე, რაც ამის შემდგომად მომხდარით მიგვენიშნება _ `შემდეგ ტაძარში მართმადიდებელი არაბები შემოდიან, მათი ხმაურიანი ლოცვა ცეცხლის გარდამოსვლის ერთერთი აუცილებელი პირობაა~.

 დიახ, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რაზე უნდა მიგვანიშნებდეს ის პროცესი, რასაც, ზოგადად _ `არაბების მიერ ატეხილი ხმაური~ შეიძლება დაერქვას.

 როგორც ცნობილია _ 1945 წ. 22 მარტს კაიროს კონფერენციაზე ხელმოწერილი წესდების თანახმად შეიქმნა: `არაბულ სახელმწიფოთა ლიგა~ (იხ. ქ.ს.ე., ტ. I, თბ. 1975 წ., გვ.531); მასში გაერთიანებულია _ ეგვიპტე, სირია, ერაყი, ლიბანი, საუდის არაბეთი და სხვა, დაახლ. 20-მდე, არაბული სახელმწიფო.

 და აი, 2010-2011 წლების გასაყარიდან მოყოლებული, თითქმის მთელი არაბული სამყარო _ არნახულმა `ხმაურმა~ მოიცვა. ქუჩაში ასეულ ათასობით გამოსული მოსახლეობის პოლიტიკური მოთხოვნების ანალიზი, ჩვენი საუბრის თემატიკას სცილდება, და ამიტომ მასზე არც შევჩერდებით.

 ბოლო ჟამისეული თვალთახედვიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი _ არაბული სამყაროდან, მთელი მსოფლიოს გასაგონად, დღემდე არნახული `ხმაური~ ისმის, რაც, ჩვენის აზრით, იმ მისტერიული პროცესის დამაფიქსირებელია, რითიც ზეციდან გარდამომდინარე ღვთაებრივი ცეცხლის, ანუ მეორედ უფალ იესუ ქრისტეს მოსვლის დიადი წამის დადგომის წინარე ჟამის მიმდინარეობა მიგვენიშნება.

 თავისთავად, არც ის უნდა იყოს უმნიშვნელო, რომ ამ დღეს თურმე _ ` დაახლოებით პირველი საათისთვის ტაძარში იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქი შემოდის~, და რომ _ ღვთაებრივი ცეცხლი, ჩვენი დროით 15-16 საათს შორის გადმოდის. თუმცა, ეს კოდირებული მინიშნება ცალკე საუბრის თემაა და ამჟამად მას არ შევეხებით, და მხოლოდ, ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ფაქტის დაფიქსირებით შემოვიფარგლებით _ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის, ანუ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის წინარე ჟამის დამაფიქსირებელი _ არაბული სამყაროდან მომდინარე ხმაური _ მთელი მსოფლიოს გასაგონად ისმის.

 წინამდებარე საუბარს კი ფსალმუნისეული მინიშნებით დავასრულებთ _ `მოვა ჩვენი ღმერთი და ნურც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ _ ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზეციდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე~ (ფსალმ. 49,3-4).

 ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი