Print

პარტიის ოცზე მეტი წლის ისტორია

უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოსკენ!

ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, და ჩემს კანდიდატურასთან ერთად, ერთხმად დაამტკიცა საპრეზიდენტო პროგრამა, საერთო სახელდებით - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

უშუალოდ პროგრამის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ნება მიბოძეთ მოკლედ გაგაცნოთ ჩვენი პარტიის მიერ განვლილი გზა, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

 

პოლიტიკური აქტიურობის ეტაპი

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ცხადი გახდა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-ში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებს ძლიერ შეგვეზღუდებოდა სამოქმედო არეალი.

ზემოთქმული გახდა კიდეც მიზეზი თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფისათვის, რათა შეგვექმნა ახალი პ/გ, რომელიც, ხალხის ნებაზე დამყარებით, ღია, ლეგალური მეთოდებით იბრძოლებდა - ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენისათვის.

1990 წლის 10 იანვარს გამართულ ყრილობაზე დაფუძნებული პარტიის სახელწოდებაც შესაბამისად განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“. პარტიის თავმჯდომარედ - მე გახლდით არჩეული.

 

1992 წლის 11 თებერვლის გაზ. „თბილისის“ ფურცლებზე პარტიის წესდების გამოქვეყნებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა - ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1992 წლის 12 თებერვლით დათარიღებული - „მიმართვა ქართველი ერისადმი“. რომლის მთავარი სულისკვეთება მთლიანად ეხმიანებოდა ჩვენს მიერ არჩეულ სამოქმედო გეგმას.

კერძოდ, აღნიშნულ მიმართვაში ბატონი ზვიადი ბრძანებდა:

„... სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდით“  

[იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, მეორე ნაწილი, თბ. 1996 წ. გვ.398-399].

 

იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენი პარტიის რეგისტრაცია - 1992 წ. 2 აპრილს განახორციელა.

 

1992 წ. 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეთათვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში, შევეცადეთ გვემხილებინა ქვეყანაში გამეფებული უკანონო რეჟიმი და გამოსავლის გზებიც გავაცანით მსმენელს. სამწუხაროდ, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით საპარლამენტო ტრიბუნის მოპოვება.

 

1993 წლის 9 აპრილიდან რეგულარული გამოსვლა დაიწყო ჩვენი პარტიის წევრთა ძალისხმევით გამომავალმა გაზეთმა - „არჩევანი“.

 

გაზ. „არჩევანის“  1993 წ. 26 მაისის ნომერში, პირველად საქართველოს ისტორიაში ღია განხილვისათვის დაიბეჭდა ჩვენს მიერ მომზადებული „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ პროექტი, რომელიც ოფიციალურად წარედგინა - საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების მიზნით შექმნილ კომისიას;

იმავე წლის -  ივლისის თვეში მოეწყო კონსტიტუციის პროექტის სატელევიზიო განხილვა.

 

1993 წლის ივლისის თვეში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრ - გივი თაქთაქიშვილთან, უზენაესი საბჭოს წევრებთან - ირაკლი კენჭოშვილსა და ავთანდილ კვეტენაძესთან ერთად, კონსულტაციის მიზნით ვეწვიეთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში დევნილობაში მყოფ, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას.

ჩვენი საქმიანობის თაობაზე მოკლე ანგარიშის გაცნობის შემდეგ, ბატონ ზვიადს გავაცანით ჩვენი ინიციატივა - საქართველოში მომქმედი დე-იურედ არსებული კანონიერი და დე-ფაქტოდ მომქმედი უკანონო ხელისუფლების წარმომადგენლობით დელეგაციებს შორის გასამართი შეხვედრის თაობაზე, რომელსაც, მისი თანხმობის შემთხვევაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი - ასლან აბაშიძე ჩაუდგებოდა სათავეში.

 

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მიღებული თანხმობის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრ, ბატონ გივი თაქთაქიშვილთან ერთად, 1992 წლის აგვისტოს თვეში, ბათუმში ვეწვიეთ ბატონ ასლან აბაშიძეს, რომელმაც სრულად გაიზიარა ჩვენი ინიციატივა.

 

1993 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე- სახელმწიფო მეთაურის თანამდებობის მატარებელ ედ. შევარდნაძეს, პირადად გადავეცი გაზ. „არჩევანში“ გამოქვეყნებული, 3 სექტემბრით დათარიღებული, ჩვენი ინიციატივის შემცველი  - ღია მიმართვა.

 

სამწუხაროდ, 1993 წლის 7-8 სექტემბერს, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში, ასლან აბაშიძის ხელმძღვანელობით გამართულ ორმხრივი დელეგაციის წევრთა შეხვედრებს, მიზეზთა გამო, დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

 

ქართველთა შორის ერთობის დამყარების ამ უკანასკნელი უშედეგო მცდელობით გათავხედებულმა ძალებმა 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე დროებით შეწყვეტილი საომარი ოპერაციები - განაახლეს.

 

1993 წლის 24 სექტემბერს საქართველოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდიას მცდელობას - ერთობლივი ძალებით განეხორციელებინათ, მოძალადე მტრული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა - დე-ფაქტო ხელისუფალის მხრიდან გადადგმული მოღალატური ნაბიჯები მოჰყვა, რის შედეგადაც:

1. 1993 წლის 27-20 სექტემბერს - აფხაზეთის ავტონომიიდან ქართველების მასიური გამოდევნა მოხდა;

2. 1993 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ედ. შევარდნაძის მოწვევით რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთები ღიად გამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ;

3. 1993 წლის 31 დეკემბერს მოწამეობრივად აღესრულა - საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

 

1994 წლის 24 სექტემბერს, ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების წლისთავზე, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით:

1. შეიქმნა - ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისია;

2. დაწესდა - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია.

 

1995 წლის 31 მარტს გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, დასახელდა - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი ლაურიატები. ესენი გახდნენ:

1. პოლიტიკის სფეროში:

ა) პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა“;

ბ) ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი - ჯოჰარ დუდაევი;

2. ადამიანის უფლებათა სფეროში:

ა) გაზეთი „იბერია სპექტრი“ და მისი დამფუძნებელ-გამომცემელი, ბატონი - ირაკლი გოცირიძე;

ბ) ადამინის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციაში [„ემნესტი ინტერნეიშენი“] საქართველოს განყოფილების სპეციალური მკვლევარი  - ვანდა ვანზიდლერი;

3. ლიტერატურის სფეროში: მუხრან მჭავარიანი;

4. პუბლიცისტიკის სფეროში: ელიზბარ ჯაველიძე.

 

ჩვენი პარტიის წევრთა ძალისხმევით 1995-1996 წლებში მომზადდა და გამოიცა - ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის შემცველი 9 კრებული.

 

ჩვენი პარტია, საარჩევნო ბლოკ - „ზვიადის გზა - ხმა ერისა“-ს სახელით, მონაწილეობას იღებდა 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. ტოტალური გაყალბების შედეგად, დაწესებული 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ჩვენი საარჩევნო ბლოკის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა, საბოლოოდ მხოლოდ - 1,8 % -ით შეფასდა.

 

1996 წლის 9 აპრილიდან გამოსვლა დაიწყო გაზ. „არჩევანი“-ს დამატებამ, გაზეთმა - „ზვიადის გზა“-მ.  

 

1996 წელს ამოქმედებული - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი განხილვის საგნად იქცა, ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი -„1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების“ თაობაზე. სამწუხაროდ ედ. შევარდნაძის პოლიტიკური რეჟიმის ამ სტრუქტურულმა რგოლმა ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

რელიგიურ - პოლიტიკური აქტიურობის ეტაპი

1996 წლის მიწურულს ჩვენი პარტიის წევრთა აქტიური ძალისხმევით ჩამოყალიბდა - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“., რომლის ბაზაზეც, ღმერთის ნებით, დავიწყეთ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი იმ ნიშნების მოძიება და გასაჯარისება, რომელთა უდიდესი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს შეეხებოდა. 

 

1997 წლის 4 იანვრიდან დავიწყეთ გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს გამოცემა.

 

1997 წლის მაისის თვეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გავაცანით ჩვენი საქმიანობის დეტალები, და შემდგომი საქმიანობის ზოგადი მონახაზი. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს საპატრიარქოს ეგზავნებოდა „ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მოძიებული მასალების ამსახველი სპეციალური მიმართვები, რომლებშიც საქართველოს სულიერი მისიის ამსახველი ფაქტები გახლდათ თავმოყრილი.

„პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ ახლად მიღებული კანონის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენი პარტიის ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წლის 27 თებერვალს მოხდა.

 

1998-1999 წლებიდან მოყოლებული ჩვენი პარტიის საქმიანობა ახალ ხარისხში გადავიდა - საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ სპექტრს, ეტაპობრივად ვუზიარებდით რელიგიური კუთხით გადასაჭრელი პოლიტიკური პრობლემების სამოქმედო გეგმას.

 

ჩამოვთვლით ზოგიერთ მათგანს:

1. 1999 წლის  მიწურულს გაზ. „დედანი ენის სასწაულში“ გამოქვეყნებულ და მოგვიანებით ედ. შევარდნაძისადმი გაგზავნილ მიმართვაში, პოლიტიკური ანალიზის პარალელურად, წარმოდგენილი იყო მისი საქმიანობის აღმწერი ბიბლიური  მინიშნებანი;

 

2. 2001 წლის თებერვალში ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, გავაანალიზეთ მის მიერ 1995 და 2000 წლებში წარმოებული საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის ბიბლიური მინიშნებანი;

 

3. 2001 წლის ნოემბერში ჯერ - თბილისში, ხოლო 2-3 ნოემბერს ბათუმში, და 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში გამართული  შეხვედრებისას, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ბატონი ჯემალ გოგიტიძე, ბიბლიურ მინიშნებებზე დაყრდნობით, გავაფრთხილეთ მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების თაობაზე;

 

4. 2002 წლის იანვრის თვეში, ბატონ მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნეთ მის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული და ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი მასალა, სადაც გადმოცემულ ღია მიმართვაში მოვუწოდებდით -  უარი ეთქვა აღებულ სამოქმედო გზაზე, რომელიც სიკეთეს არ მოუტანდა არც მას და არც ჩვენ ქვეყანას;

5. 2002 წლის აგვისტოში, ბატონ შალვა ნათელაშვილთან გამართულ შეხვედრისას მოვუწოდეთ მას არ დაეჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილისათვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებისათვის;

 

6. 2003 წლის 10 აპრილს, ბატონ ზურაბ ჟვანიასთან, ვაშლიჯვრის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე, გავაფრთხილეთ იგი, რათა მ. სააკაშვილთან უშუალო ურთიერთობისაგან თავი შორს დაეჭირა;

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ცალ-ცალკე გამოსვლის მიუხედავად, დავინახეთ რა რეალობა, 2003 წლის 26 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში გამართულ მოკლე შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გავაფრთხილე ბატონი ზურაბ ჟვანია იმ საშიშროებაზე რაც მას მ. სააკაშვილთან ახლო ურთიერთობის დაკავების შემთხვევაში ელოდა;

 

7. 2004 წლის 8 და 13 იანვარს შემდგარი შეხვედრებისას, „აღორძინების“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ანზორ აბრალავასა და „აღორძინების“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბატონ ცოტნე ბაკურიას, დეტალურად გავაცანით ინფორმაცია ბიბლიაში დაფიქსირებული იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს ბატონ ასლან აბაშიძეს ელოდა;

 

8. 2004 წლის 17 მაისს დეპუტატ კობა დავითაშვილსა და ი/წ 20 მაისს პარლამენტარ მამუკა კაციტაძესა და დავით გამყრელიძეს, გამართულ შეხვედრებზე გავაცანი ის ბიბლიური ნიშნები, რომლებიც - მ. სააკაშვილის მიერ ჯერ ზ. ჟვანიას, ხოლო შემდეგ - ნ. ბურჯანაძის ჩამოცილებას ეხებოდა;

 

9. 2004 წლის 30 ივნისს, 9 და 16 ივლისს, ბატონ დავით აქუბარდიას  ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით გამოსვლებისას, საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების იმ დროისათვის არსებული მონაცემები;

 

10. 2004 წლის 15 ივლისსა და 2005 წლის 23 ნოემბრით დათარიღებულ, და საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ჩაბარებულ ღია მიმართვებში, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, ბიბლიური ნიშნების გაცნობის შემდეგ, მასაც და მ. სააკაშვილსაც მოვუწოდებდით - ჩამოცილებოდნენ აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზს, და ჩადენილ საქმეთა მონანიების შემდეგ სხვა სფეროში ეცადათ ბედი;

 

11. ანალოგიური მოთხოვნის შემცველი 2005 წლის 23 ნოემბრის ღია მიმართვათა ადრესატები - მ. სააკაშვილისა და ნ. ბურჯანაძის პარალელურად იყვნენ - პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი; შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე; საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე;

 

12. 2005 წლის 24 და 30 ნოემბერს, აგრეთვე - 2006 წლის 12 იანვარს პარლამენტარ გიგა ბოკერიასთან გამართული შეხვედრების ბოლოს, მას გადავეცი აცხადებული ბიბლიური ნიშნების შემცველი კრებული, სათაურით - „თქვენი მმართველობა მთავრდება“, და ვურჩიე შეძლებისდაგვარად გაეთვალისწინებინა მასში გადმოცემული ინფორმაცია;

 

13. 2006 წლის ივლისსა და 2007 წლის აგვისტოში დაბეჭდილ კრებულებში - „წაიკითხეთ და გაფრთხილდით“, და - „გამოცხადებული დასასრულის ქრონიკები“, ვსაუბრობდით 2007-2008 წლებში „ჩრდილოეთიდან“ მომდინარე მოსალოდნელ საფრთხეთა თაობაზე;

 

14. 2011 წლის 3 დეკემბერს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთში მოღვაწე მინდია გულუა გავაფრთხილეთ მის მიერ პოლიტიკური გააქტიურების მიზნით წამოწყებულ გზასავალზე მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე, და ჩვენეული სამოქმედო გეგმა შევთავაზეთ მას;

 

15. 2011 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე, მის უწმიდესობას გავაცანით ჩვენი სამოქმედო გეგმის ზოგიერთი დეტალი;

ამავე დღეს - იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა ჩვენი პოლიტიკური პარტიის სახელდებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც საბოლოოდ ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

 

16. 2011 წლის 24 დეკემბერს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ხელმძღვანელ მიტროპოლიტ  იობთან [აქიაშვილი] გამართული შეხვედრა, მასთან ი/წ გაზაფხულზე შემდგარი საუბრის ერთგვარ გაგრძელებად იქცა, რომლის დროსაც დეტალურად გავაცანით მას ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ფართე სპექტრი;

 

17. 2012 წლის იანვარ - მაისის თვეში, ერთის მხრივ - საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ეპარქიების ნაწილს, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც - საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს [მ. სააკაშვილს, დ. ბაქრაძეს და ნ. გილაურს], ასევე საქართველოში მომქმედი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეგზავნათ, ჩვენს მიერ მომზადებული, ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური პროცესების დარეგულირების მექანიზმის შემცველი ღია მიმართვები;

 

18. 2012 წლის 29 თებერვლის შეხვედრისას მეუფე ქრისტეფორესა [წამალაიძე] და მამა ავთანდილს [გიორგობიანი] დეტალურად გავაცანით ჩვენს ხელთ არსებული ბიბლიური მინიშნებები და უახლოეს მონაკვეთში მოსახდენი მოვლენების ზოგადი მონახაზი;

 

18. 2012 წლის 5 მარტს განმეორებითი შეხვედრისას მეუფე იობს [აქიაშვილი] გავაცანით მოსალოდნელი მოვლენებისეული მინიშნებანი;

 

19. 2012 წლის 6, 9, 23 და 28 მარტს გამართულ შეხვედრებზე, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველს, პატრიარქის ქორეპისკოპოსს მეუფე იაკობს [იაკობიშვილი], დეტალურად გავაცანით ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი აცხადებული ნიშნები, და უახლოესი მოვლენების პროგნოზი;

 

20. 2012 წლის 23 მარტს გამართულ შეხვედრაზე ბატონ ალეკო ივანიშვილს გადავეცით, მისი ძმის - ბიძინა ივანიშვილისადმი განკუთვნილი, ბიბლიურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ მომზადებული, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების პროგნოზი;

 

21. 2012 წ. 13 აპრილს გლდანის ეპარქიის მმართველთან მამა ბასილთან [მკალავიშვილი] გამართულ შეხვედრაზე ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნები განვიხილეთ;

 

22. 2012 წლის 19 და 23 აპრილს, აგრეთვე 2 მაისსა და 4 მაისს გამართულ შეხვედრებზე, დეპუტატებს - თამაზ დისამიძეს, ნუგზარ ერგემლიძესა და ბეჟან ხურციძეს გავაცანით ბიბლიურ-პოლიტიკური პროგნოზისეული მინიშნებანი;

 

23. 2012 წლის აპრილ - ივნისის თვეში, პირადი შეხვედრის მიზნით წარმოებული უშედეგო მცდელობის შემდეგ, ჩვენი პარტიის საორგანიზაციო მდივანმა ოფიციალური განაცხადი დატოვა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში, რომელშიც ასახული გახლდათ შალვა ნათელაშვილისადმი განკუთვნილი, მისი პოლიტიკური აქტიურობის სავარაუდო უარყოფით შედეგებთან დაკავშირებული გაფრთხილება;

 

24. 2012 წლის 5 ივნის გამართულ შეხვედრაზე, პოლიტიკური გაერთიანების „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ბატონი ალექსანდრე შალამბერიძე გავაფრთხილე, რომ მათ მიერ არჩეული სამოქმედო გეგმა, ჩვენს მიერ შემოთავაზებული კორექტირების გათვალისწინების გარეშე, ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანდა;

 

25. 2012 წლის 6 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დ. ბაქრაძისადმი გაგზავნილი გაფრთხილების პარალელურად, საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განაცხადი - საქართველოს პარლამენტართა წინააღმდეგ, მათი მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით;

26. 2012 წლის 23-24 ივლისს გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩვენი ინიციატივით დაფუძნდა პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“; რომელშიც ჩვენთან ერთად შევიდა - „სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირი“ [ხელმძღვანელი მამა ელიზბარი (დიაკონიძე)] და იბერიულ-კავკასიური მოძრაობა „ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“ [ხელმძღვანელი სერგი საჯაია];

 

27. 2012 წლის აგვისტოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში, დეპუტატ ვახტანგ ბალავაძესთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გვქონდა ბოლო ჟამის მიმდინარეობის ბიბლიურ-პოლიტიკური მოვლენებისა და უახლოეს მომავალში მოსალოდნელი პროცესების თაობაზე;

 

28. 2012 წლის 2-3 აგვისტოს ცესკოსადმი გაკეთებულ ღია მიმართვებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონი ზურაბ ხარატიშვილს ვაფრთხილებდით ყველა ზომა მიეღო - 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებული უკანონობის დროულად აღმოფხვრასთან მიმართებაში;

 

29. 2012 წლის 3 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილ ღია მიმართვაში მოვითხოვდით, რომ  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ზურაბ ხარატიშვილის   წინააღმდეგ, - მის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, - აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე;

 

30. 2012 წლის 10 სექტემბერს საქართველოს პროკურატურისადმი გაგზავნილ ღია მიმართვაში, ვითხოვდით იმ პირთა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული 1991-1992 წლების გასაყარიდან მიმდინარე მოვლენებში;

 

31. 2012 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ ღია მიმართვაში: „სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა: პატივი ვცეთ კონსტიტუციას’, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობდით წინასწარ გადასადგმელ იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლის განხორციელების შემთხვევაში გადაიჭრებოდა მისი საპრეზიდენტო ვადის 2013 წლის 5-20 იანვარს ამოწურვასთან დაკავშირებით გამოწვეული წინააღმდეგობანი;

 

32. 2012 წლის 29 ოქტომბერს ღია მიმართვა გავუგზავნეთ - საქართველოს პრეზიდენტ მ. სააკაშვილსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ ბ. ივანიშვილს, სადაც გადმოვეცით ჩვენს თვალწინ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ბიბლიური მინიშნებანი;

 

33. 2012 წლის 5 და 12 ნოემბრის ღია მიმართვებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გავაფრთხილეთ, კონსტიტუციაში დაფიქსირებული იმ მუხლების სავარაუდო გამოყენებიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეეძლო;

 

34. 2012 წლის 19 ნოემბერს ღია მიმართვა გავუგზავნეთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელშიც ვითხოვდით, რომ - კონსტიტუციით განსაზღვრულ 4 წლიან ვადაზე მეტი ხნით ხელისუფლებაში უკანონოდ ყოფნისა გამო, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის 21 მაისის მოწვევის საქართველოს პარლამენტისა - ზოგადად, და მისი თითოეული წევრის მიმართ, მათი მხრიდან:

- ხელისუფლების უზურპაციის;

- თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და

- საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ ხარჯვის ფაქტთან დაკავშირებით;

 

35. 2012 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილისა და მისადმი განკუთვნილი ღია  მიმართვა, 2012 წლის 27 ნოემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე, პირადად გადავეცით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, სადაც დეტალურად გვქონდა საუბარი იმ კონსტიტუციური ნორმების თაობაზე, რომლის ძალითაც 2013 წლის 20 იანვრიდან მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა, მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში გადავიდოდა, რაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის აღძვრის აუცილებლობას გამოიწვევდა. ხსენებულ ღია მიმართვაში დეტალურად გვქონდა აღწერილი აღნიშნული პრობლემის მოგვარების იურიდიული მექნიზმი;

 

36. 2012 წლის 28 დეკემბრის ღია მიმართვაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდეთ გაეთვალისწინებინა ჩვენს მიერ შემოთავაზებული მექანიზმი და ყველაფერი ეღონა მ. სააკაშვილისათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობაზე ყოფნის ამოწურვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისათვის;

 

37. 2013 წლის 21 იანვრის ღია მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უკანონოდ მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდეთ დამორჩილებოდა კონსტიტუციის მოთხოვნას და გაეკეთებინა განაცხადი მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე;

 

38. 2013 წლის 21 იანვრით დათარიღებულ ღია მიმართვაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და კანონიერების სადარაჯოზე მდგომ ყველა დეპუტატს, მოვუწოდეთ ყველაფერი ეღონათ, რათა საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 75,2-ით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო, გამოეყენებინათ მათთვის საქართველოს  კონსტიტუციის მუხლი 63,1-ით მინიჭებული უფლება, და აღეძრათ - იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან მ. სააკაშვილის გადაყენების საკითხი;

 

39. 2013 წლის 28 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს მივმართეთ ღია წერილით, რათა მათ გაეთვალისწინებინათ კანონის მოთხოვნა და 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ყველა იმ დეპუტატის მიმართ, რომელიც, თავისი უმოქმედობით, ხელისშემწყობი და თანამონაწილე ხდება - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უკანონოდ მყოფი მ. სააკშვილის მიერ კონსტიტუციურ მოთხოვნათა დარღვევის, ანუ - დანაშაულის ჩადენისა, აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი დეპუტატის მხრიდან - თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით;

 

40. 2013 წლის 13 თებერვლით დათარიღებულ ღია მიმართვაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდეთ გაეთვალისწინებინა, რომ - . სააკაშვილის გაუწონასწორებელ ქმედებათა გამო, საქართველოში მოსალოდნელი მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, მთელ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაკისრებდით, ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტს, და მეორეს მხრივ - კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულ იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც, ყოვლად გაუმართლებლად და კონსტიტუციურ მოთხოვნათა საპირისპიროდ, მხარს უჭერდნენ . სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე;

41. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, მ. სააკაშვილისათვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით 1,5 მილიონი ხელმოწერის შემგროვებელი კოალიცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებმა, განვიხილეთ კოალიცია „ერთსულოვნების“ სახელით პარლამენტში გაგზავნილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხები;

 

42. 2013 წლის 19 მარტს, კოალიცია „ერთსულოვნების“ ლიდერთან, ბატონ მიხეილ ანდღულაძესთან ერთად, მონაწილეობა მივიღეთ - ქუთაისში გამართულ, იურიდიული კომიტეტის ღია სხდომაში, სადაც შედგა ჩვენს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვა.

ქვეყნისდა სამწუხაროდ, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა არ გაიზიარა ჩვენს მიერ ყოველმხრივ დასაბუთებული მოთხოვნა, მ. სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების უკანონოდ დაკავების აღმოსაფხვრელად გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე;

43. 2013 წლის 22 აპრილის ღია მიმართვაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევთავაზეთ მისი პოლიტიკური მრჩევლის ხელმძღვანელობით შეექმნა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხის შემსწავლელი კომისია“, რომელიც მოამზადებდა საქართველოში - სამართლიანობის აღდგენისა და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ამდაგვარი გახლავთ ჩვენი პარტიის 20 წელზე მეტი ხნის მოკლე ისტორია...

აი, ასეთი განვლილი გზით მოვედით დღემდე.

 

როგორც თავშიც მოგახსენეთ, ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, და დაამტკიცა ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

 

ჩვენი შემდგომი საუბარი, სწორედ ამ საპრეზიდენტო პროგრამით განსაზღვრული საკითხების თქვენთვის გაცნობას დაეთმობა.

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი